კაცმა აღმოაჩინა, რომ ინტერპოლით იძებნებოდა, რადგან დედას თავისი ყოველი ნაბიჯი არ შეატყობინა

საბერძნეთის პოლიცია

წარმოუდგენელი და ამავე დროს კურიოზული შემთხვევა მოხდა ათენში, სადაც შოტლანდიელმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ინტერპოლით იძებნებოდა, განგაში კი, საკუთარმა დედამ ატეხა, რადგან შვილისგან არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ ზუსტად სად იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ყველაფერი 7 ნოემბერს დაიწყო, როდესაც ქალმა ინტერპოლს მიმართა და განაცხადა, რომ მისი შვილი წესით და რიგით კრეტაზე უნდა ყოფილიყო, შვებულების გასატარებლად, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მისი საკრედიტო ბარათი გამოიყენეს ათენში, შედეგად იფიქრა, რომ რაღაც უბედურება შეემთხვა და პანიკაში ჩავარდა.

28 წლის მამაკაცი ნამდვილად იმყოფებოდა კრეტაზე, საიდანაც შემდეგ ათენს ეწვია და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა. როდესაც მიმღებში საკუთარი დოკუმენტაცია წარადგინა, გადამოწმების შედეგად უთხრეს, რომ ინტერპოლით იძებნებოდა და განაცხადი ამის შესახებ მისივე დედის გაკეთებული იყო, ვინაიდან არ იცოდა შვილის ყოველი ნაბიჯი და ღელავდა.

საბოლოოდ, ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარებულ პირთათვის განკუთვნილ განყოფილებაში აღმოჩნდა, საიდანაც დედას დაუკავშირდა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ისიც აუხსნა, რომ პატრაში აპირებდა გამგზავრებას, საიდანაც გემით იტალიაში, ბარში ჩავიდოდა.

საბოლოო ჯამში, განგაში შეწყდა, თუმცა, როგორც ჩანს, დედის ნერვიულობის თავიდან ასაცილებლად მამაკაცს მისთვის თითოეული მგზავრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება “მოუწევს”.

წყარო