მინდია ლავასოღლი, ჯეირან „ხონსკი“, ზვიად პაპიაშვილი - რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია აჭარაში, თბილისსა და რუსთავში

ქურდები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით რამდენჯერმე მოეწყო  ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდ" მინდია ლავას-ოღლის.

მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავას-ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

„ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.