კანადური მედია: კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას პარასკევს შეუდგება

მარკ კარნი

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას პარასკევს შეუდგება. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.

კანადის გენერალ-გუბერნატორის, მერი საიმონის ოფისმა დაადასტურა, რომ კარნი ახალ მთავრობასთან ერთად ფიცს პარასკევს დადებს.

პროცედურის თანახმად, ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერი ჯასტინ ტრუდო პარასკევს გენერალ-გუბერნატორს შეხვდება და გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც ახალი მთავრობის ფიცის დადების ცერემონია დაიწყება.

როგორც მედია იუწყება, კარნიმ ტურდოსთან ორშაბათს შეხვედრა გამართა. მხარეებმა გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობა განიხილეს. მოგვიანებით კარნიმ განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი იქნება სწრაფი და არა ხისტი.

ცნობისთვის, 6 იანვარს კანადის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარემ ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ პარტიის ლიდერისა და პრემიერის თანამდებობის დატოვებას აპირებს. მარტში კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში 59 წლის მარკ კარნიმ გაიმარჯვა, რაც მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების საშუალებას აძლევს.