1741846331
შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის წევრები 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
პარლამენტის წევრებმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს. სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დამატებით მოძიებული და იდენტიფიცირებულია აფხაზეთის რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის ნეშტი. იდენტიფიცირებულ 6 პირიდან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა.
ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ადგილზე დაკრძალავენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღეს კიდევ გვყავს 2000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგული, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები.
„ამავე დროს, ეს ის მომენტია, როდესაც ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც სამი ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად თავს გვახსენებს. ჩვენ ასევე კარგად ვხედავთ, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო სამი წელია ყოველდღიური ჭიდილია ომსა და მშვიდობას შორის და ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი საქართველოს გადაელახა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერამ, ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და ხელისუფლების სიმტკიცემ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა.
„ბოლო სამი წელია ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს და ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს. ჩვენ საზოგადოებასაც ესმის ის, რომ ამ ზღვართან ძალიან ახლოს ვიყავით ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ბევრს უნდოდა, ჩვენთვის ებიძგა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყნად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ, არ ავყევით არავის ყალბ და ცრუ მოწოდებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.