ჯარედ კუშნერი: მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წინსვლას მივაღწიეთ, უკრაინა და რუსეთი პრინციპულ შეთანხმებამდე მივიდნენ ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლის შესახებ

ჯარედ კუშნერი

დღეს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წინსვლას მივაღწიეთ – უკრაინა და რუსეთი პრინციპულ შეთანხმებამდე მივიდნენ ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლის შესახებ,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომელიც სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

მისი თქმით, ეს ოჯახების გაერთიანებას, ნდობის განმტკიცებასა და მშვიდობისკენ სვლის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

კუშნერის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის კვლავ ერთ მაგიდასთან დასმა და თებერვლის შემდეგ პირველი სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, დისკუსიები სერიოზული, დეტალური და გულწრფელი იყო.

„ორივე ქვეყანამ კონკრეტული წინადადებები წარმოადგინა, რათა მხარეებს შორის არსებული უთანხმოება შემცირდეს და ომის დასრულების გზა მოიძებნოს. უკრაინასა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, შევაჯერეთ წინადადებები, რომლებსაც ხვალ მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან განვიხილავთ, რის შემდეგაც პრეზიდენტ ზელენსკისთან კონსულტაციებს გავმართავთ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ არის განწყობილი, დაასრულოს ეს საშინელი ომი. მნიშვნელოვანი უთანხმოებები კვლავ არსებობს, თუმცა მზად ვართ, განვავითაროთ მიღწეული პროგრესი და ხელი შევუწყოთ უფრო ფართო, მრავალმხრივ მოლაპარაკებებს, რომლებმაც შეიძლება ხანგრძლივი მშვიდობა და სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული უკრაინა უზრუნველყოს“, – განაცხადა კუშნერმა.

✕