ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმაზე ისრაელს დეტალური ინფორმაცია ჯერ არ აქვს

გიდეონ საარი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელს ჯერ არ აქვს დეტალური ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის შესახებ ღაზასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იტალიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ შეგვიძლია, ვისაუბროთ პრინციპებზე. მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ ყველას, ვისაც სურს საკუთარი ნებით გადასახლება, უნდა მიეცეს ამის მორალური უფლება“,- განაცხადა გიდეონ საარმა.

თავის მხრივ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია პალესტინელების ინტერესები გათვალისწინებული იყოს.

„ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია. მომავლისთვის ჩვენ მხარს ვუჭერთ ორი ხალხის, ორი სახელმწიფოს მშვიდობიან თანაცხოვრებას. არაფერი არ შეიძლება, გაკეთდეს პალესტინელების თანხმობის გარეშე“,- აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი აშშ-ს გადასცემს.