ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელი შეთანხმება

ისრაელის მთავრობამ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ დაამტკიცა, - იუწყება CNN-ი.

ზავის პირობების წინააღმდეგ, მხოლოდ ორი ულტრამემარჯვენე მინისტრი წავიდა.

კატარის, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველ ეტაპზე „ჰამასის “მიერ ღაზაში დაკავებულ 33 ისრაელელ მძევალს გაცვლიან ასობით პალესტინელ პატიმარზე.

ისრაელის ძალები დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს შინ დაბრუნების საშუალება მიეცემათ.

ღაზაში კი ყოველდღიურად ჰუმანიტარული ტვირთით ასობით სატვირთო მანქანა შევა. მეორე ფაზის ფარგლებში, მოლაპარაკებები გაიმართება რომლის მიზანიც, დარჩენილი მძევლების გათავისუფლება, სექტორიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანა და „მდგრადი სიმშვიდის აღდგენა“ იქნება. მესამე და საბოლოო ეტაპი მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციას.

„ჩვენი მთავარი მიზანი შეთანხმების გაფორმება იყო, რათა მძევლები შინ დაგვებრუნებინა. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გადავწყვიტეთ მას დავთანხმებოდით, რადგანაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილები, ქალები და მამაკაცები სახლში ვიხილოთ“, - განაცხადა ისრაელის კულტურის მინისტრმა მოკი ზოხარმა.