ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

სპეცრაზმი

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ეს საკანონმდებლო ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირლანდიის მოქალაქეების მხარდასაჭერად, ასევე ჩვენი საელჩოების დასაცავად და საზღვარგარეთ თავდაცვითი ამოცანების შესასრულებლად“, – ნათქვამია ირლანდიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ირლანდიური მედია წერს, ირლანდიის საელჩოს კიევში კერძო კომპანიის თანამშრომლები იცავდნენ.

„აირიშ თაიმსის“ ცნობით, ირლანდიური სპეცრაზმის მებრძოლების უკრაინაში გაგზავნა ჯერ კიდევ 2022 წელს იგეგმებოდა, როდესაც ქვეყანამ კიევში საელჩო ხელახლა გახსნა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ.

თუმცა დუბლინის მთავრობამ მიიღო იურიდიული დასკვნა, რომ ირლანდიის კანონმდებლობაში არ არსებობს კონკრეტული დებულებები, რომლებიც საშუალებას მისცემდა ირლანდიელი სამხედროების საზღვარგარეთ დისლოცირებას დაცვის მიზნით. ამ იურიდიულმი ბარიერის გამო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, დაექირავებინა კერძო დაცვის კომპანია უკრაინაში ირლანდიის ელჩის, ტერეზა ჰილისა და საელჩოს სხვა თანამშრომლების დასაცავად.

ახალ კანონპროექტში ძირითადი ყურადღება გამახვილდა შეზღუდვაზე, რომლის მიხედვითაც, 12-ზე მეტი ირლანდიელი სამხედრო მოსამსახურის საზღვარგარეთ გაგზავნა მოითხოვს ირლანდიის მთავრობისა და პარლამენტის, ასევე გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს გენერალური ასამბლეის თანხმობას.

ირლანდიის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ ძველი კანონმდებლობა საშუალებას აძლევდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს, მათ შორის რუსეთს, ვეტო დაედო ირლანდიელი სამხედრო მოსამსახურეების დისლოცირების გადაწყვეტილებისთვის.

„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პუტინს ან სხვა ლიდერებს უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება ჩვენი ჯარების განლაგებაზე“, – განაცხადა ჰარისმა.

ახალი კანონპროექტი საშუალებას აძლევს მთავრობას, საზღვარგარეთ გააგზავნოს სამხედრო მოსამსახურეები გაერო-ს თანხმობის გარეშე, ასევე, 12-დან 50-მდე მებრძოლის გაგზავნის შემთხვევაში პარლამენტის თანხმობაც არ იქნება საჭირო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ახალი კანონპროექტი. მათი თქმით, მთავრობა ამ გზით ცდილობს ირლანდიის სამხედრო ნეიტრალიტეტის შელახვას.