ირანული მედიის ცნობით, ტრამპის მუქარის შემდეგ, ირანმა რაკეტები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ირანმა რაკეტები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ირანული მედიის ცნობით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა რაკეტები, რომლებითაც შესაძლებელია დარტყმების განხორციელება აშშ-თან დაკავშირებულ პოზიციებზე. როგორც „ზე თეირან თაიმსი“ იუწყება, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ირანის მისამართით ახალი მუქარა გაისმა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი რაკეტების უმეტესობა მიწისქვეშა საცავებშია განთავსებული, რომლებიც ირანის სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარეობს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ დაბომბვას ირანს, თუ თეირანი არ დათანხმდება ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ის შეთავაზებული პირობებით შეთანხმების გაფორმებას.

გავრცელებული ცნობით, ეს მოიცავს ირანის ბირთვული პროგრამის სრულ დემონტაჟს და აგრეთვე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების პროგრამის ზოგიერთ ასპექტსაც.

ირანი უარს ამბობს აშშ-თან მოლაპარაკებებზე და აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ სამხედრო ქმედებებს პასუხს გასცემს.

30 მარტს ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს დაბომბვით, თუ თეირანი არ გააფორმებს შეთანხმებას აშშ-თან ბირთვული იარაღის განვითარების შესახებ.