„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ - ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება
1760818784
ვულკანი ტეფტანი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თითქმის 4000 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს. ის მაკრანის კონტინენტური ვულკანური თაღის ერთადერთ აქტიურ წარმომადგენლად მიიჩნევა (დანარჩენი ორი მიძინებულია) — ესაა ადგილი, სადაც არაბეთის ტექტონიკური ფილა ევრაზიულის ქვეშ ინაცვლებს.
ამის მიუხედავად, ტეფტანის ბოლო ამოფრქვევის კვალი 700 000 წლის წინანდელია, როცა ჩვენი სახეობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. იქიდან ამომავალი კვამლი შეუნიშნავთ, თუმცა კაცობრიობის ისტორიაში ეს ვულკანი არ ამოფრქვეულა. მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, ახლა ის შედარებით ამოიბურცა, რაც, შესაძლოა, ზედაპირთან მაგმისა და ცხელი აირების ნაკადის მიახლოებაზე მიანიშნებდეს.
მეცნიერებმა სატელიტური მონაცემები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ვულკანი 9 სანტიმეტრით "გაიბერა". ავტორები ამბობენ, რომ ეს მოვლენა სპონტანურია, ანუ რაიმე მკაფიო მაპროვოცირებელი ფაქტორი (მაგალითად, მიწისძვრა) არ გამოუვლენიათ. ასევე, მას შემდეგ ამგვარი ამობურცულობა არ გამქრალა.
სწორედ ამის გამო ვარაუდობენ, რომ ერთადერთი ახსნა მაგმის მაღლა გადაადგილებაა. მას ზედაპირის მიმართულებით მოძრაობისკენ მიწისქვეშა ცხელი წყალი და ორთქლი უნდა უბიძგებდეს. ეს ვულკანის ქვეშ წნევის დაგროვებას განაპირობებს, კერძოდ — ჰიდროთერმულ სისტემაში, რომელიც დაახლოებით 460-630 მეტრი ზომისაა.
ეს არ მიუთითებს, რომ ტეფტანი უახლოეს მომავალში აუცილებლად ამოიფრქვევა. კვლევა უფრო იმას აჩვენებს, რომ ვულკანი მიძინებული არაა და "გამოღვიძების" პირველ ნიშნებს ავლენს.
"ჩვენი კვლევა გვარწმუნებს, რომ ტეფტანი იმაზე აქტიურია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ეს ცხადყოფს საჭიროებას, რომ მაკრანის სუბდუქციური თაღის ვულკანურ რისკს გადავხედოთ, ანუ მონიტორინგის ქსელები შევქმნათ, გეოლოგიური საშიშროების რუკები შევადგინოთ ან განვაახლოთ და რისკის შესამცირებლად სხვა ზომებსაც მივმართოთ", — აცხადებენ ავტორები.