1731519914
"იპოვეს წამების კადრები, რომელიც ყოფილმა ჩინოვნიკმა თავადვე გადაიღო..." - საქმის ყველა დეტალი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ერთი წლის წინ, ასტანაში, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაევმა სასტიკად მოკლა 31 წლის მეუღლე.
2024 წლის 13 მაისს, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო.
31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა.
სასამართლოს სხდომებზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში მოულოდნელად აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. ვიდეო ფაილების ყურებისას გარდაცვლილის ძმამ ცრემლები ვერ შეიკავა და სალტანატის ერთ-ერთ წარმომადგენელს კი ექიმების დახმარება დასჭირდა.
მოსამართლემ გახსნა 9 ნოემბრით დათარიღებული ბოლო 12 ვიდეოჩანაწერი. როგორც ჩანს, ვიდეოები გადაიღო პირადად ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე. იქ აღმოჩენილმა ბევრი შოკში ჩააგდო.
12-ივე ვიდეოში ჩანს, როგორც შეურაცხყოფს და სცემს ბრალდებული გაშიშვლებულ ქალს ჯერ რესტორნის კუპეში, შემდეგ კი ტუალეტში. ის მაშინაც კი განაგრძობდა ქალის წამებას, როცა 31 წლის სალტანატს თვალები და სახე ისე ჰქონდა დასიებული, რომ თვალის გახელა აღარ შეეძლო.
ცნობისთვის, სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს მოკლეს. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.
სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.
მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.
გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.