1775050200
იაპონია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხებში
იაპონია და საფრანგეთი შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხებში. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტოკიოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრეს.
სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ მხარეებმა „დაადასტურეს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფისა და დაძაბულობის სწრაფი განმუხტვის მნიშვნელობა“.
„სულ უფრო მძიმე საერთაშორისო უსაფრთხოების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა თანამოაზრე ქვეყნებთან თანამშრომლობა, მათ შორის, საფრანგეთთან, რომელიც დიდი შვიდეულის თავმჯდომარეც არის. ვისწრაფვით მტკიცედ გავაძლიეროთ სტრატეგიული თანამშრომლობა უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სფეროებში“, – აღნიშნა ტაკაიჩიმ.
თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთსა და იაპონიას ერთი და იგივე პოზიცია აქვთ და „სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა“ ორივე ქვეყნის პრიორიტეტია.
შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე ხელი მოაწერეს კრიტიკული მინერალების, სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.










