1736884505
გვაქვს რეალისტური პერსპექტივა, ჩვენი მანდატის განმავლობაში ერთი, ორი ან სამი ქვეყანა გაფართოების პაკეტიდან ფინიშის ხაზზე გავიყვანოთ - მარტა კოსი
გვაქვს რეალისტური პერსპექტივა, ჩვენი მანდატის განმავლობაში ერთი, ორი ან სამი ქვეყანა გაფართოების პაკეტიდან ფინიშის ხაზზე გავიყვანოთ, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის კონტინენტზე თავისუფლება და კეთილდღეობა დამოკიდებულია სიძლიერეზე, ერთიანობასა და ევროკავშირის სიდიდეზე.
„სულ უფრო მეტად ვხედავთ, რომ მსოფლიოში სიდიდე და სიძლიერე გამოიყენება შანტაჟისთვის და სამხედრო გადაწყვეტილებები სძლევს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ბევრი ისურვებდა, ენახა ევროპის წარუმატებლობა და მნიშვნელოვან რესურსებს დებენ ამის მისაღწევად. საქართველოში შექმნილი სიტუაცია და ენერგეტიკული შანტაჟი, რომელსაც მოლდოვაში ვხედავთ, არის მკაფიო შეხსენება იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ჩვენ ვდგავართ. მსოფლიოში, სადაც ძლიერი ნადირობს სუსტზე, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა დამოკიდებულია სიძლიერეზე, ერთიანობასა და, დიახ, ჩვენი კავშირის სიდიდეზე. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ ჩვენი გაფართოების პოლიტიკას აქვს უფრო მაღალი მიზანი და ის სარგებლის მომტანია ყველა ევროპელისთვის არსებულ წევრ ქვეყნებში და მომავალ წევრ ქვეყნებში.
მე ვიცი, რომ ამ პალატის უმრავლესობა იზიარებს ჩემს ენთუზიაზმს, როდესაც მე ვამბობ, რომ პირველად ათ წელში ჩვენ გვაქვს რეალისტური პერსპექტივა და ამ მანდატის განმავლობაში შეგვიძლია ერთი, ჩემი აზრით, ორი ან სამი ქვეყანა გაფართოების პაკეტიდან გავიყვანოთ ფინიშის ხაზზე. ჩვენ გვეკისრება უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ მომავალ წევრებს, მოამზადონ თავიანთი ადგილები ევროკავშირის შიგნით. დიახ, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულმა ომმა გახსნა შესაძლებლობების ფანჯარა გაფართოებისთვის, თუმცა ბოლო კვირებში ჩემს ყველა თანამოსაუბრესთან მკაფიოდ განვაცხადე, რომ არ იქნება არანაირი გეოპოლიტიკური შეღავათი, გაფართოების პროცესი რჩება დამსახურებებზე დაფუძნებული. როგორც შვიდ ნოემბერს თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლისას განვაცხადე, მე აქტიურად ვისაუბრებ ევროპულ ღირებულებებზე. კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური უფლებები კვლავ იქნება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ქვაკუთხედი, რეფორმირებული და გაფართოებული კავშირის საფუძველი მომავალში“, – განაცხადა მარტა კოსმა.