1744270728
გერმანიაში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ხელფასები 5,8 პროცენტით იზრდება

გერმანიაში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება. პროფკავშირებისა და დამსაქმებლების შეთანხმების მიხედვით, ანაზღაურება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ 2,5 მილიონ ადამიანს გაეზრდება.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მოხელეების ხელფასი უნდა გაიზარდოს 5,8 პროცენტით, ანაზღაურების მატება გათვალისწინებულია ორ ეტაპად.
„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ხელფასზე, რომელიც უზრუნველყოფს კარგ ბალანსს რთულ დროს. ჩვენ ვხდით სამუშაო პირობებს საჯარო სექტორში უფრო მოქნილს, თანამედროვეს და მიმზიდველს“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
შეთანხმების მიხედვით, პირველი აპრილიდან, ხელფასის მატება გათვალისწინებულია სამი პროცენტით და არანაკლებ 110 ევროთი თვეში. შემდგომი ზრდა 2,8 პროცენტით გათვალისწინებულია 2026 წლის პირველი მაისიდან. ასევე გაიზრდება ე.წ. მე-13 ხელფასი. პაკეტი ასევე ითვალისწინებს უფრო მაღალ სახელფასო დანამატებს ცვლაში მუშაობისთვის. 2027 წლიდან გათვალისწინებული იქნება დამატებითი შვებულების დღე. დასაქმებულთა უმეტესობას ასევე შეეძლება მე-13 ხელფასის ფარგლებში ანაზღაურების ნაწილის მიღების ნაცვლად აიღოს სამი დასვენების დღე.
განსაკუთრებული წესებია გათვალისწინებული მუნიციპალური საავადმყოფოების თანამშრომლებისთვის, რომელთაც შეეძლებათ, ნებაყოფლობით გაზარდონ სამუშაო დღის ხანგრძლივობა კვირაში 42 საათამდე შეზღუდული პერიოდის განმავლობაში.
„არავისზე შეიძლება ზეწოლა, რომ აიძულო მეტი მუშაობა – ეს კოლექტიური ხელშეკრულების ნაწილია… ისინი, ვინც ნებაყოფლობით გადაწყვეტენ მეტ მუშაობას, მიიღებენ პრემიას დამატებითი საათებისთვის“, – განმარტა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ფრანკ ვერნეკემ.
ახალი კოლექტიური ხელშეკრულება ამოქმედდება უკანა რიცხვით 2025 წლის პირველი იანვრიდან და გათვლილია 27 თვეზე.
შეთანხმება შეეხება ფედერალურ და მუნიციპალურ მოხელეებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებულები. მათ ადმინისტრაციებში, საბავშვო ბაღებში, დასუფთავების სამსახურებში, სატრანსპორტო სფეროში და აეროპორტებში.