ევროკომისიის პრეზიდენტი ტრამპის მიერ 90 დღით ტარიფების ამოქმედების გადადებას მიესალმება

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 90 დღით ტარიფების ამოქმედების გადადებას მიესალმება.

„პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების პაუზის დაანონსებას მივესალმები. ეს გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ნათელ და პროგნოზირებად გარემოს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ტარიფები - ეს არის ბეგარა, რომელიც ხელს უშლის ბიზნესსა და მომხმარებელს, შესაბამისად ის მომხრეა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანმიმდევრულად ნულოვანი სატარიფო პოლიტიკა მოქმედებდეს.

„ევროკავშირი აშშ-თან დაუბრკოლებელი და ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის დამკვიდრების მიზნით კონსტრუქციული მოლაპარაკებების ერთგულია“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპა თავისი სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციას ემხრობა, თანამშრომლობს რა სხვა ქვეყნებთან, რაც მსოფლიო ვაჭრობის 87% წარმოადგენს.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ 90 დღით აჩერებს 75-ზე მეტი ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფების მოქმედებას.