FDA-მ დეპრესიის სამკურნალო ცხვირის სპრეის გამოყენების ნებართვა გასცა

სპრეი

 აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურმა (FDA) ქვეყანაში დეპრესიის სამკურნალო ცხვირის სპრეის მონოთერაპიული გამოყენების ნებართვა გასცა. ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მკურნალობის მიმართ რეზისტენტული მძიმე დეპრესია (MDD) აქვთ.

ის აშშ-ში ყველაზე გავრცელებული მენტალური მდგომარეობაა და დაახლოებით 21 მილიონ ადამიანს აწუხებს. ამ პაციენტებიდან დაახლოებით მესამედი ტრადიციულ მკურნალობას არ ექვემდებარება, როგორიც ანტიდეპრესანტები ან ფსიქოთერაპიაა.

სპრეი, სახელად SPRAVATO®, ესკეტამინს შეიცავს — ნივთიერებას, რომელიც კეტამინის მსგავსი ქიმიური კომპონენტია. ეს პრეპარატი 2019 წლიდან სხვა საშუალებებთან ერთად უკვე გამოიყენებოდა, თუმცა ახლა კვლევებმა აჩვენა, რომ ის დამოუკიდებლადაც ეფექტიანია.

 კლინიკურმა ტესტებმა ცხადყო, რომ სპრეის მოხმარების შედეგად პაციენტების 22.5%-ს ოთხი კვირის შემდეგ მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. კონტროლ ჯგუფში, რომელიც პლაცებოს იღებდა, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7.6% იყო.

აღნიშნული პრეპარატი პაციენტებში ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის დონეს ზრდის, თუმცა მისი ფუნქციონირების ზუსტი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია. სპრეი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და ის მხოლოდ სპეციალური პროგრამების ფარგლებში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამედიცინო დაწესებულებებში, გაიცემა.

მედიკამენტის ნაზალური გზით მიღების შემდეგ ექიმი პაციენტს მინიმუმ ორი საათის განმავლობაში უნდა დააკვირდეს, რადგან გვერდითი მოვლენების რისკი არსებობს. მათ შორისაა გულისრევა და თავის ტკივილი ან უფრო რთული სიმპტომები, როგორიცაა დისოციაცია და ჰალუცინაციები.

მიუხედავად ამისა, მისი შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ის დიდი დახმარება იქნება იმ პაციენტებისთვის, რომელთა დეპრესიასაც სხვა თერაპიები ვერ ამსუბუქებს.