EXCLUSIVE: „მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავდნენ, საშინელება იყო“ – თურქეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ საინფორმაციო გილდიის პრეზიდენტი ალაპარაკდა

jpg

დღეს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სამი წელი გავიდა. მომხდარზე „პრაიმტაიმს” ის ადამიანი ესაუბრა, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრში იყო და სხვა კოლეგებთან ერთად მომხდარს ვიდეო კადრებად ასახავდა.

თურქეთის საინფორმაციო გილდიის პრეზიდენტი, აიტეკინ ფოლატელი ამბობს, რომ შვებულებაში იყო, როცა ამბოხი დაიწყო. ქვეყანაში შექმნილმა ქაოსმა და პროფესიულმა მოვალეობამ აიძულა, სამსახურში დაბრუნებულიყო და ხელში კამერა აეღო.

ამაყობს თავისი ხალხით, რომელმაც პრეზიდენტი დაიცვა. ამაყობს იმით, რომ მისი ნამუშევარი „ოქროს ფონდში” მოხვდა და მისი მონათხრობი ამბოხის მცდელობისთვის მიძღვნილ წიგნში აისახა.

„სამხედრო წრეებში ტერორისტებმა შეაღწიეს და ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილმა ტერორისტებმა თურქეთის მთავრობის გადატრიალება სცადეს.

მანამდე, მსგავსი რამ ნანახი არ მქონდა. სამსახურში არ ვიყავი, შვებულება მქონდა და სახლში ვიყავი. ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, ტანკების გადაადგილებას, აჯანყებულ ჯარისკაცებს, ქალაქის თავზე ავიაგამანადგურებელს ვუყურებდი. ჩემთვის ეს ძალიან უჩვეულო იყო.

ამ საზარელი სანახაობის დაწყებისთანავე გადავწყვიტე, სამსახურში მივსულიყავი და ხელში ვიდეოკამერა ამეღო.

იქიდან პირდაპირ პრეზიდენტის სასახლეში წავედი. ძალიან ემოციური სანახაობა დამხვდა, შიშველი ხელებით მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ კედელს ქმნიდა პრეზიდენტის დასაცავად. ისინი აფერხებდნენ აჯანყებული აჯანყებული ჯარისკაცების გადაადგილებას.

ხალხის რაოდენობა სულ უფრო და უფრო მრავლდებოდა. მაშინ, ჩემს თანამემამულეებში საკუთარი სამშობლოს მიმართ დიდი სიმამაცე და ერთგულება დავინახე. მათ სჯეროდათ, რომ ეს ბნელი ღამე მშვიდობით და გამარჯვებით გათენდებოდა.

სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილ „​ფეთოების” ტერორისტებს მშვიდობიანი თურქები დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ ისინი არ დაუშვებდნენ მათი ზრახვების რეალობად ქცევას.

ხალხმა ეს შეძლო. დილის 7 საათზე უკვე ყველა ტერორისტი დაკავებული იყო. გადაღების დროს, სრულიად განსხვავებულ ემოციებში და გრძნობებში ვიყავი.

ბევრ ცხელ წერტილებში ვყოფილვარ ბევრი ომი გადამიღია. თურქეთი გეოპოლიტიკურად ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფება – ქვედა მხარეს, როგორც იცით, სირიის კრიზისი მძვინვარებს, ზემოთ შავი ზღვისპირეთში – უკრაინის კრიზისი…

 

 

 

იკვეთება შუა აზიის და სამხრეთ აფრიკის კონფლიქტები, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი საკუთარ ქვეყანაში ავიაგამანადგურებელი საკუთარ ხალხს და ქვეყანას თუ დაბომბავდა. როცა ვნახე, როგორ დაიბომბა პარლამენტის შენობა, ტანკმა ხალხს გადაუარა, ჯარისკაცები იარაღს უმიზნებდნენ. ჩემს თავს ვეკითხებოდი ,,მე სად ვარ ეს ყველაფერი რეალურია, ამ ყველაფერს როგორ დასასრული ექნება?”

საინფორმაციო გილდიის პრეზიდენტიც ვარ, მაგრამ იმ დღეს, რიგითი ოპერატორი ვიყავი, სხვა ჩემი კოლეგების მსგავსად. ოპერატორები ერთმანეთს ვეხმარებოდით, რჩევებს ვაძლევდით, ვიცავდით… ჩვენ ისტორიული მომენტის მოწმენი გავხდით და ეს ისტორია, კადრებად შემოვინახეთ. 

იმ დღეს, საზოგადოებასთან ერთად, თურქული მედია, მიუხედავად მათი პოლიტიკური სარედაქციო პოლიტიკისა, გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას. დამიჯერეთ, იმ დღეს, არ შემშინებია, რომ მე მოვკდებოდი. ჩემს წინ 100 მეტრის დაშორებით  ბომბდამშენმა, F16-მა ბომბი ჩამოაგდო და 5 კაცი დაიღუპა, საშველად მისულ ხალხშიც მეც ვერიე.

ერთი ხელით დაჭრილები გამომყავდა, მეორე ხელით კი, ყველაფერს ჩემს კამერაზე ვაფიქსირებდი. ჩემმა პროფესიამ მაიძულა გარეთ ჩემს ხალხთან გავსულიყავი, ასე აღმოჩნდი კამერით ხელში მოვლენების ეპიცენტრში. საბედნიეროდ, ანკარაში მომუშავე ჟურნალისტები და ოპერატორები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, სტამბოლში ჩვენი კოლეგა დავკარგეთ…

ამბოხიდან მომდევნო დღეს, სახელმწიფო დაგვეხმარა კადრების შეკრებასა და ერთ დოკუმენტურ ფილმად გაკეთებაზე, ახლა ჩვენი ნამუშევარი ოქროს ფონდში ინახება.

2017 წელს საინფორმაციო ოპერატორთა რიგით 22-ე ,,ზუმის ფესტივალზე”, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობ, დავაჯილდოე იმ ვიდეო კადრების ავტორები, რომლებიც გადატრიალების მცდელობის დროს, თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ და თავს საფრთხეში იგდებდნენ, რათა დაეფიქსირებინათ ყველა მომენტი, რაც იმ ღამეს მოხდა.

ამის შემდეგ, შემდეგში ყველა ოპერატორისა და ჟურნალისტის მონათხრობი ერთ წიგნად გადმოიცა.” – ამბობს აიტეკინ ფოლატელი