დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მოისმინოს ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარს - მაიკ უოლცი

 მაიკ უოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მოისმინოს უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარ დავას და სურს მშვიდობაზე მოლაპარაკებების წარმოება. ამის შესახებ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან თქვა, რომ შელაპარაკება ტრამპსა და ზელენსკის შორის აჩვენებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ არის მზად „ისაუბროს მშვიდობაზე“.

„აი, რაშია პრობლემა, დრო არ არის მის მხარეს, დრო არ არის ამ კონფლიქტის უბრალოდ მარადიული გაგრძელების მხარეს, ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის უსაზღვრო, მათი საფულეები არ არის უსაზღვრო და ჩვენი საბრძოლო მასალების მარაგი არ არის უსაზღვრო“, – აღნიშნა უოლცმა.

მისი განცხადებით, ზელენსკის შეეძლო, პარასკევს დაეტოვებინა თეთრი სახლი „აშშ-სა და უკრაინას შორის ეკონომიკური კავშირით მთელი თაობებისთვის“.

„ზელენსკიმ მართლაც გაუწია თავის ქვეყანას ნამდვილი დათვური სამსახური, რადგან არ მიაღწია დადებით შედეგს პარასკევს და იცით, ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება ყველაფერი მომავალში“, – დაამატა ტრამპის მრჩეველმა.

უოლცმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლში სურთ, მოისმინონ ზელენსკისგან, „რომ ის ნანობს მომხდარს, მზადაა, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას მინერალებზე და მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“.

„არ მგონია, რომ ეს ბევრია. ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც საუკეთესოა ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, რომ აღდგეს სტაბილურობა“, – განაცხადა მან.