დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალ 25%-იან ტარიფებს დააწესებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალ 25%-იან ტარიფებს დააწესებს.

„ყველა ფოლადზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში, იქნება 25%-იანი ტარიფი“,- განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს კანადასა და მექსიკასაც, ტრამპმა დადებითად უპასუხა.

ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში ორმხრივ ტარიფებსაც გამოაცხადებს, რომლებიც თითქმის დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

„ძალიან მარტივია – თუ ისინი გვაკისრებენ გადასახადს, ჩვენც დავაკისრებთ მათ“, – განაცხადა ტრამპმა ორმხრივი ტარიფების გეგმაზე საუბრისას.

პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა ფოლადზე 25%-იანი, ხოლო ალუმინზე 10%-იანი ტარიფები დააწესა, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის კანადას, მექსიკასა და ბრაზილიას მიანიჭა კვოტები, რომლის ფარგლებშიც ფოლადი და ალუმინი ამ ქვეყნებისთვის არ დაიბეგრებოდა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს კვოტები დიდ ბრიტანეთზე, იაპონიასა და ევროკავშირზეც გაავრცელა.

სამთავრობო და ამერიკის რკინისა და ფოლადის ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-ში ფოლადის იმპორტის უმსხვილესი წყაროებია კანადა, ბრაზილია და მექსიკა, მათ მოსდევს სამხრეთ კორეა და ვიეტნამი.