დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში კერძო სექტორი 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში კერძო სექტორი 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

თეთრ სახლში ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა პროექტ Stargate-ის დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები OpenAI, Softbank-ი და Oracle-ი.

სამი კომპანიის ხელმძღვანელები პრესკონფერენციის დროს დონალდ ტრამპის გვერდით იმყოფებოდნენ.

„რისი გაკეთებაც გვინდა, არის ამის შენარჩუნება ქვეყანაში. ჩინეთი და სხვები არიან კონკურენტები. ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ყოფნა და გვინდა, ის ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტს დავეხმარები საგანგებო დეკლარაციებით, რადგან ეს საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენ უნდა ავაშენოთ მოწყობილობა. დასჭირდებათ ბევრი ელექტროენერგიის წარმოება. ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ მისი წარმოება მარტივად შეძლონ საკუთარი სადგურებით, თუ სურვილი აქვთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც მოსალოდნელია, კომპანიები პროექტში 500 მილიარდ დოლარს ჩადებენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.

ახალი პარტნიორობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პრესკონფერენციაზე Oracle-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ლარი ელისონმა აღნიშნა, პროექტისთვის ტეხასში უკვე შენდება მონაცემთა 10 ცენტრი.

დონალდ ტრამპის პროგნოზით, დაგეგმილია კიდევ სხვა ცენტრების მშენებლობა.

როგორც OpenAI-ს დამფუძნებელმა, სემ ალტმენმა აღნიშნა, პროექტი 100 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და Stargate-ი ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იქნება.

მოსალოდნელია, რომ ინიციატივას სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც შეუერთდებიან.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განკარგულება გააუქმა.