„დოიჩე ველე“ - იმპორტზე დაწესებული ამერიკული ტარიფების ძალაში შესვლის ფონზე, ბირჟებზე ევროპული კომპანიების აქციების ფასი დაეცა

ტარიფები

იმპორტზე დაწესებული ამერიკული ტარიფების ძალაში შესვლის ფონზე, ბირჟებზე ევროპული კომპანიების აქციების ფასი დაეცა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

როგორც მედია წერს, ევროპული საფონდო ინდექსებმა დღე შესამჩნევი კლებით დაიწყეს.

„STOXX Europe 600-ის ინდექსის ღირებულება, რომელიც 600 უმსხვილეს ევროპულ კომპანიას მოიცავს, ვაჭრობის დაწყებისას 2.95%-ით დაეცა. გერმანულმა ინდექსმა DAX დღე 2.92%-იანი ვარდნით დაიწყო, 7 აპრილის შემდეგ კი, საერთო ჯამში, 10%-ით არის შემცირებული.

ამასთან, ეცემა ევროპული ფარმაცევტული გიგანტების აქციების ფასებიც. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ფარმაცევტულ კომპანიაზე დამატებით „მსხვილი“ ტარიფების დაწესება დაანონსა. გერმანული Redcare Pharmacy -15.10%, შვეიცარიული Roche -5.2%, Novartis -6.05%, დანიური Novo Nordisk -4.09%.

მცირდება ენერგეტიკული კომპანიების აქციებიც. STXE 600-ის ინდექსი, რომელიც გაზისა და ნავთობის მრეწველობის კომპანიებს მოიცავს, ბოლო ოთხ წელიწადში ნავთობის ფასის რეკორდული დაცემის ფონზე, 3.03%-ით შემცირდა.

გერმანიის ფინანსთა მინისტრ იორგ კუკისის თქმით, ფასების ვარდნა „განსაცვიფრებლად სწრაფად“ მიმდინარეობს.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას ტარიფები 2 აპრილს დაუწესა. ტარიფები ძალაში დღეიდან, 9 აპრილიდან შევიდა. ევროკავშირისთვის დაწესებულმა ტარიფებმა 20% შეადგინა. საპასუხო ზომების შესახებ ევროკავშირში კენჭისყრა დღეს უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც 15 აპრილიდან ამოქმედდება. საპასუხო ტარიფები სავარაუდოდ ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ფრინველისა და საქონლის ხორცს, ზღვისა და რძის პროდუქტებს, თხილეულსა და შაქარს შეეხება.