დიდი ბრიტანეთი განიხილავს კანონს ევთანაზიის შესახებ

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავს კანონს ევთანაზიის შესახებ, - იუწყება BBC.

ეს საკითხი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. ევთანაზიის კანონის მიღების პირველი მცდელობა ინგლისში 2014 წელს იყო, თუმცა მაშინ კანონპროექტი ჩავარდა.

საზოგადოების მიდგომა ამ თემის მიმართ შეიცვალა. სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 67% დადებითად აფასებს ევთანაზიის შემოღებას, 13% კი უარყოფითად არის განწყობილი.

კანონპროექტის ავტორია დეპუტატი კიმ ლიდბიტერი. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა კონსულტაციებს სამედიცინო ექსპერტებთან და იურისტებთან, ასევე ყურადღებით შეისწავლა სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ევთანაზია დაშვებულია.

ლიდბიტერის თქმით, კანონპროექტის მიზანი მომაკვდავი ავადმყოფების დახმარება და მათი ტანჯვისგან დაცვაა. უკურნებელი სენით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი გამოეხმაურა ამ საკითხს. მათი თქმით, ავადმყოფობამ მათ სიცოცხლის ყოველი წამის დაფასება ასწავლა, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ ყველას აქვს უმტკივნეულო და ღირსეული სიკვდილის უფლება.

1939 წელს ავსტრიელმა ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა, სთხოვა თავის ექიმს დეზომორფინის დიდი დოზა მიეცა მისთვის, რათა იგი ტანჯვისგან ეხსნა. 1994 წელს ამერიკული ორეგონის შტატი გახდა პირველი ადგილი მსოფლიოში, სადაც ევთანაზია დაუშვეს. 2002 წელს ევთანაზია შემოიღეს ჰოლანდიაში, ბელგიაში, შემდეგ შვეიცარიაში და ლუქსემბურგში.