ჩინეთმა არქტიკის ყინულის მიღმა წყალქვეშა აპარატით ადამიანები პირველად გაგზავნა

ჩინეთი

არქტიკის კვლევაში ჩინეთიც ჩაერთო. ქვეყანამ ოკეანის ყინულოვანი ზედაპირის დაბლა არსებულ ფსკერზე ეკიპაჟიანი წყალქვეშა აპარატი გაუშვა. ისინი შანხაიში 26 სექტემბერს დაბრუნდნენ ყველაზე მასშტაბური ექსპედიციიდან, რომელიც ამ სახელმწიფოს იქ განუხორციელებია.

ამას ღრმაწყლოვანი კვლევების შესაძლებლობებში წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ. მთავარი მიღწევა ფსკერზე აპარატ Jiaolong-ის გაგზავნა იყო, რომელმაც ეკიპაჟის წევრები ყინულით დაფარული წყლის ქვეშ ჩაიყვანა. ეს აქამდე მხოლოდ რამდენჯერმე მოხერხდა.

პირველი აშშ იყო, რომელმაც ცივი ომის დროს, 1958 წელს, არქტიკის წყლებში ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე USS Nautilus ჩაუშვა. ის ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარედ ტრანზიტისთვის გამოიყენეს და არქტიკის ყინულის ქვეშ ოპერირების დემონსტრირება შეძლეს. მას შემდეგ იგივე კიდევ რამდენიმე ამერიკულმა გემმა გაიმეორა, როგორიც იყო USS Skate და USS Pargo. 1962 წელს ამ სიას საბჭოთა კავშირის "ლენინსკი კომსომოლეციც" შეუერთდა, 1971 წელს კი — ბრიტანული HMS Dreadnought.

 

ახლა ამ ჩამონათვალში ჩინეთიცაა. ეს დიდი მიღწევაა, რადგან ყინულის ქვეშ, წყალში, კომუნიკაცია და ნავიგაცია გართულებულია. ასეთ გარემოში თანამედროვე ტექნოლოგიებს ფუნქციონირება უჭირს, რაც სატელიტური სისტემების გამოყენებას, ზედაპირზე მდებარე გემებთან კოორდინაციასა და საკონტროლო ბაზასთან კონტაქტის შენარჩუნებას თითქმის შეუძლებელს ხდის. ასევე, პოლარული ყინულის ფრაგმენტები შეჯახების პოტენციურ საფრთხეს ქმნის, თანაც წყალქვეშ თითქმის ნულოვანი ტემპერატურაა.

არქტიკის წყალქვეშა მისიებისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2007 წელს რუსეთმა იქ მინიაპარატები — Mir-1 და Mir-2 — ჩაუშვა და სახელმწიფო დროშა ფსკერზე ჩაიტანა. საერთაშორისო მასშტაბით ეს პროვოკაციულ ნაბიჯად და არქტიკის რესურსებზე დომინირების მინიშნებად აღიქვეს

ბოლო წლებში არქტიკა რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის გეოპოლიტიკური ძლევამოსილების დემონსტრირების ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონად იქცა. ისინი იქ არსებული რესურსების ათვისებას, გემებისთვის სტრატეგიული კორიდორების ხელში ჩაგდებასა და უსაფრთხოების ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ.

კლიმატის ცვლილება ამ "რბოლას" მხოლოდ აჩქარებს, რადგან ყინულის სწრაფი ლღობა ახალ გზებსა და შესაძლებლობებს აჩენს. ჩინეთი არქტიკული კვლევების მხრივ საკმაოდ გააქტიურებულია, რაც ქვეყნის სტრატეგიის ნაწილიც კია. ბოლო პერიოდში 5-ჯერ გაიზარდა არქტიკის შესახებ ჩინური სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობაც.

ამ ინტერესს უკანასკნელი ექსპედიციაც ადასტურებს.