შსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით უმაღლეს შეფასებას იღებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში

შსს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის 30 სექტემბერს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე-10 წელია ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში მთავრობამ განაგრძო სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირება ტრეფიკინგის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, შესაბამისად, საქართველომ კვლავ შეინარჩუნა ადგილი პირველ კალათაში.

„ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ განაგრძო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამართალდაცვითი ღონისძიებების გატარება. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის დაწესებული სასჯელები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფები, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და მისი 6 მობილური ჯგუფი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, ასევე აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფი – ე.წ. TASK FORCE, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დანაყოფები პროაქტიულად ახორციელებენ ტრეფიკინგის რისკ-ჯგუფში მყოფი ადგილების შემოწმებას (მათ შორის, ღამის კლუბების, ბარების, კაზინოების და ა.შ.) ტრეფიკინგის ფაქტების პროაქტიული გამოვლენის მიზნით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან ტრეფიკინგის შემთხვევებზე სამართლებრივი ზომების მიღების მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ტარდებოდა სხვადასხვა კურსები პოლიციელთათვის ტრეფიკინგის საკითხებზე, აგრეთვე, მითითებულია, რომ ხორციელდებოდა გამომძიებლების, პროკურორებისა და შრომის ინსპექტორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ გაზარდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციისადმი მიმართული ძალისხმევა, ისევე როგორც, მსხვერპლთა დაცვის ძალისხმევა. მობილური ჯგუფები აქტიურად იყენებდნენ სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა პროაქტიული იდენტიფიცირებისთვის. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნებიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ამოწმებდა ტრეფიკინგის ინდიკატორების მიხედვით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ტრეფიკინგის მოწმეთა და დაზარალებულთა დახმარება. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები მხარს უჭერდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლებს გამოძიების დაწყებიდანვე, მათ შორის იურიდიული და ლოჯისტიკური დახმარების უზრუნველყოფით, ისევე როგორც ხელახალი ტრავმირების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღებით.

ანგარიშს ტრადიციულად ახლავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.