ბრიტანულმა რადიოსადგურმა ეთერში შეცდომით მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალება გამოაცხადა

მეფე ჩარლზ III

 რადიოსადგურმა Radio Caroline-მა, რომელიც ინგლისის სამხრეთსა და მიდლენდსში მაუწყებლობს, 19 მაისს ეთერში დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

მსმენელთა თქმით, მიმდინარე გადაცემა მოულოდნელად შეწყდა, წამყვანებმა კი მონარქის გარდაცვალების შესახებ განცხადება წაიკითხეს, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი „ღმერთო, დაიფარე მეფე“ ჩართეს. ამის შემდეგ მაუწყებლობა 15 წუთით შეწყდა. ეთერში დაბრუნებულმა წამყვანებმა დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადეს.

მოგვიანებით რადიოსადგურმა ცალკე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ კომპიუტერული შეცდომის გამო გააქტიურდა პროტოკოლი „მონარქის გარდაცვალება“, რომელიც ყველა ბრიტანულ მაუწყებელს აქვს მომზადებული.

„Radio Caroline სიამოვნებით გადასცემდა ხოლმე მისი უდიდებულესობა დედოფლის, ახლა კი მეფის საშობაო მიმართვებს, და იმედოვნებს, რომ ამას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააკეთებს“, - განაცხადა სადგურის მენეჯერმა პიტერ მურმა.