ბოლო საათები ინაუგურაციამდე - აშშ ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

ტრამპი

მოსალოდნელი სარეკორდო ცივი ამინდის გამო არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში არა კაპიტოლიუმის შენობის გარეთ, არამედ შიგნით გაიმართება. 

„ამიტომ მე გავეცი განკარგულება, რათა საინაუგურაციო სიტყვა, სხვა ლოცვისა და სიტყვების კვალდაკვალ, წარმოვთქვა აშშ-ის კაპიტოლიუმის როტონდაში, რომელიც 1985 წელს რონალდ რეიგანმა გამოიყენა ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო. სხვადასხვა მაღალი რანგის პირსა და სტუმრებს კაპიტოლიუმში მიიყვანენ. ეს იქნება ძალიან სასიამოვნო სანახაობა ყველასთვის, განსაკუთრებით ტელეაუდიტორიისთვის", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ტრამპი საპრეზიდენტო ფიცს ორშაბათს, 20 იანვარს, ვაშინგტონის დროით შუადღისას დადებს. მეტეოროლოგების თქმით, ამ დღეს ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც ასევე კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში გაიმართება. მედიის ცნობით, ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც კონგრესში შედგა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა.