„ბლუმბერგი“ - ევროკავშირი თავისი მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარების გადახედვას გეგმავს, რათა უფრო თავსებადი გახადოს ის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებთან

ევროკავშირი

ევროკავშირი თავისი მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარების გადახედვას გეგმავს, რათა უფრო თავსებადი გახადოს ის თავის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებთან. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც ევროკომისია ცდილობს, გაუმკლავდეს პრიორიტეტების მზარდ რაოდენობას, რომელთა შორის არის თავდაცვა და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ურთიერთობები.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიას საგარეო დახმარების რეორგანიზაცია სურს, რათა ის პარტნიორებისთვის უფრო მიზნობრივი გახადოს. როგორც „ბლუმბერგი“ ინიციატივის პროექტზე დაყრდნობით წერს, ბლოკის მიზანია საგარეო დახმარების იმგვარად რესტრუქტურიზაცია, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისი სტრატეგიული ინტერესები, მათ შორის თანამოაზრე ქვეყნებთან ალიანსების გამყარება, ნედლეულზე წვდომის უზრუნველყოფა და მიგრანტების შეკავება.

2028-2034 წლების ბიუჯეტის ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენას ევროკომისია უახლოეს კვირებში აპირებს. ევროკავშირი და მისი წევრები, ერთად, საერთაშორისო დახმარების უმსხვილესი დონორები არიან მსოფლიოში. 2023 წელს საგარეო დახმარებისთვის მათ მიერ გამოყოფილი იყო 96 მილიარდი ევრო. ევროკომისიის ინიციატივა ემთხვევა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, 90 დღით შეაჩეროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის პროგრამების დაფინანსება.