1736884505
Bloomberg: ჩინეთი ერთ-ერთ ვარიანტად აშშ-ში TikTok-ის ილონ მასკისთვის მიყიდვას განიხილავს
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ აშშ-ში TikTok-ის საქმიანობა ილონ მასკმა შეისყიდოს, თუკი კომპანია ვერ შეძლებს, აპლიკაციის აკრძალვის კანონპროექტი წარმატებით გაასაჩივროს.
აშშ-ში TikTok-ის ბედი ახლა უზენაეს სასამართლოზეა დამოკიდებული, რომელიც განიხილავს, თუ რამდენად კონსტიტუციურია კანონპროექტი, რომლითაც პლატფორმა აიკრძალება, თუკი მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance აშშ-ში საკუთარ საქმიანობას 19 იანვრისთვის არ გაყიდის.
თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს, როგორც ეს ქვედა ინსტანციის სასამართლომ წინა თვეში გააკეთა, მაშინ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი.
„19 იანვარს, როგორც მესმის, ჩვენ ვიხურებით", - უთხრა TikTok-ის ადვოკატმა მოსამართლეებს 10 იანვარს.
Bloomberg-ის ცნობით, ჩინელ მაღალჩინოსნებს ურჩევნიათ, რომ TikTok მშობელი კომპანია ByteDance Ltd.-ს მფლობელობაში დარჩეს, თუმცა მათ უკვე დაიწყეს სათადარიგო გეგმის განხილვა იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო კანონს ძალაში დატოვებს.
ამ გეგმის ფარგლებში, რაც Bloomberg-ის ცნობით, ზოგადად ჩინეთში დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ნაწილია, ჩინეთის მთავრობისთვის პოტენციური მაღალი დონის გარიგება ტრამპის უახლოეს მოკავშირესთან გარკვეული თვალსაზრისით მიმზიდველი ჩანს. Bloomberg-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, გაიყიდება თუ არა TikTok-ის აშშ-ს ფილიალი, ჩინეთის მთავრობა მიიღებს.
მასკმა ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად $250 მილიონზე მეტი დახარჯა და ტრამპმა იგი ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ მნიშვნელოვან როლზე დაასახელა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საკითხში გარკვეული პირები ამბობენ, რომ ჩინეთის მთავრობაში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ TikTok-ზე კონტროლი მასკის X-მა (ყოფილი Twitter) დაამყაროს და ორივე ბიზნესი ერთად მართოს.
თუმცა, გამოცემა ამატებს, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები ჯერჯერობით კონსენსუსამდე არ მისულან და მათი მსჯელობა ჯერ კიდევ წინასწარია. მასკმა აპრილში დაწერა, რომ მისი აზრით, TikTok აშშ-ში ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს: "ჩემი აზრით, TikTok არ უნდა აიკრძალოს აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა, X-ის პლატფორმას სარგებელი მოუტანოს". - დაწერა მან და დაამატა, რომ "ასე მოქცევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საპირისპირო იქნება. ეს არაა ის, რისთვისაც ამერიკა იბრძვის".
ჩინეთის მთავრობას ByteDance-ის ფილიალში ოქროს წილი აქვს, რაც მას კომპანიის სტრატეგიასა და საქმიანობაზე გავლენას აძლევს. TikTok-ის მტკიცებით, ეს კონტროლი მხოლოდ ჩინეთში არსებულ შვილობილ კომპანიას Douyin Information Service Co.-ს ეხება და რომ ეს ჩინეთის გარეთ ByteDance-ის საქმიანობაზე გავლენას არ ახდენს.