ბევრი ადამიანი დაიღუპა უკრაინაში ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ, ვფიქრობ, კარგი პროგრესი გვაქვს - დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარეები მზად არიან ომის დასასრულებლად.

„პატივია ძალიან ძლიერ ლიდერთან ერთად ყოფნა, კაცთან, რომელმაც ბევრი გადაიტანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა ზელენსკიზე საუბრისას.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და დაადასტურა, რომ მასთან შეხვედრას უნგრეთში, ბუდაპეშტში გამართავს.

„როგორც იცით, გუშინ მქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან და მის შესახებ დღეს ვისაუბრებთ. უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ ბევრი რამ გადაიტანა და ჩვენც მასთან ერთად. ვფიქრობ, დიდ პროგრესს ვაღწევთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რაც გუშინ მოხდა, ვგულისხმობ ჩემს სატელეფონო საუბარს პუტინთან. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. ეს დაიწყო ალასკაში, სადაც კონკრეტული გზამკვლევი იყო განხილული და ჩვენ გვინდა, ვიხილოთ, თუ არის შესაძლებელი ამის გაკეთება. ჩვენ ეს ომი მემკვიდრეობად მივიღეთ ბაიდენის ადმინისტრაციისგან და გვინდა, ვნახოთ, თუ შევძლებთ ამის დასრულებას. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პროგრესი გვაქვს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შეთანხმების მიღწევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის დახმარებით შესაძლებელი იქნება უკრაინაში ომის დასრულება.

„მადლობა მოწვევისთვის, ბატონო პრეზიდენტო. მოგილოცავთ ახლო აღმოსავლეთში წარმატებულ ცეცხლის შეწყვეტას. ეს თქვენ გააკეთეთ და ვფიქრობ, ეს არის იმპულსი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად. ჩვენ გვესმის, რომ პუტინი არ არის მზად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ წარმატებული ნაბიჯები ბრძოლის ველზე და ეს კარგია. ვფიქრობ, მათ არმიას დიდი დანაკარგები აქვს, მათ ეკონომიკას, მათ ხალხს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მინდა, მადლობა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრები გამართა ამერიკულ ენერგეტიკულ და სამხედრო კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენასა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.

ამასთან, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ორგანიზებით შეხვდება.

„ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოა. ვფიქრობ, ის იქნება ძალიან კარგი მასპინძელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა პუტინთან, თუმცა მისივე თქმით, ზელენსკი საქმის კურსში იქნება.

„ძალიან ბევრი სისხლია ამ ორ პრეზიდენტს შორის და ეს ძალიან რთული სიტუაციაა. ამ ორ ლიდერს ერთმანეთი არ უყვარს და ჩვენ გვინდა, ყველასთვის კომფორტული გარემო შევქმნათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.