გეკა გელაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე: საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ეს იყო სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც სახელმწიფოს დამხობის მცდელობა აღიკვეთა

გეკა გელაძე

ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით, კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს მართლწესრიგის მაღალი სტანდარტის დაცვისთვის.

​„ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ძალიან მაღალი სტანდარტითადა პროფესიონალიზმის დაცვისთვის.

ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით, კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა.

ჩვენი პოლიციელების უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კოორდინირებულმა ქმედებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია. სწორედ ჩვენი სამართალდამცველების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად, მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა.

უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით“, - აღნიშნა გელაძემ.

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირიდააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.

თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.