"შანსი არ უნდა გქონოდა ციხიდან ცოცხალი გამოსულიყავი... ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა ელჩი იყო გულწრფელი ჩემთან საუბარში, როგორი წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, თუმცა ამბობდნენ, ამაზე აკრძალული გვაქვს ლაპარაკი" - სოზარ სუბარი

sozar subari

საქართველოს პარლამენტის წევრი და "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი გადაცემა "ისტორია დეტალებში," უახლოესი წარსულის ერთ-ერთ მძიმე ეპიზოდს - "ციხის კოშმარს" იხსენებს. სოზარ სუბარი იმ პერიოდში სახალხო დამცველი იყო. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, ციხეებში პატიმრების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაზე ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად იგებდა.

მისივე თქმით, საპატიმროში არსებული უმძიმესი პირობების შესახებ ყველა უცხოელმა პარტნიორმა და ელჩმა იცოდა, თუმცა ამას მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავდნენ და ოფიციალურად განცხადებას არავინ აკეთებდა.

"მე, პირადად, კვირა არ გავიდოდა, რომ ციხეში 2-3-ჯერ რომ არ შევსულიყავი, ზოგჯერ, ყოველდღე მიწევდა შესვლა სხვადასხვა დაწესებულებებში და ერთი და იგივე ჯოჯოხეთი ტრიალებდა ყველგან. სულ ვფიქრობ, რა იყო მიზეზი, რატომ აკეთებდნენ ამას, თუმცა ძალიან ძნელია ახსნა. დანტე ალიგიერს აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები - "წარწერა ჯოჯოხეთის კარზე: შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!" - ყველა იმედი უნდა დაგეტოვებინა იქ რომ შედიოდი, ბოლომდე გატეხილიყავი. შანსი არ უნდა გქონოდა იქიდან ცოცხალი გამოსულიყავი, უკიდურეს შემთხვევაში ჯანმრთელი გამოსულიყავი, ახსნა იმ სისასტიკეს არ აქვს. მაგრამ ამ მიზანს ვერ შეასრულებს ნორმალური ადამიანი, ამიტომ, ყველა სადისტი და ავადმყოფი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს კარგად ცნობდნენ.

ციხე ყველა შემთხვევაში ცუდია და მძიმეა, მაგრამ 40 კვადრატულ-მეტრ საკანში იყო 105-106 ადამიანი, იქვე იყო სველი წერტილიც, გამოყოფილიც კი არ იყო. წარმოიდგინეთ, 105 ადამიანი, რომელიც ერთი სველი წერტილით სარგებლობს, სადაც არ იყო წყალიც. პარალელურად, ეს ადამიანები ყოველდღე გაჰყავდათ და სცემდნენ.

ყველამ ყველაფერი იცოდა, ყველა ელჩმა, თუმცა არავინ ამაზე ხმას არ იღებდა. იყო რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად, Human Rights Watch, Amnesty International, რომლებიც ამაზე წერდნენ, მაგრამ არცერთი ელჩი, არცერთი საელჩო, უცხოელი დიპლომატი თუ ევროპარლამენტარი ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, არანაირ მინიშნებასაც კი არ აკეთებდნენ. ყველა ელჩი იყო ძალიან ღია და გულწრფელი ჩემთან საუბარში, პირდაპირ ჰყვებოდნენ, როგორი წარმოუდგენელი რამ ხდებოდა, თუმცა, როდესაც მე ვეკითხებოდი, რატომ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობთ, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ამაზე აკრძალული გვაქვს ლაპარაკი. ერთადერთი ელჩი, რომელიც არ იმჩნევდა და არ საუბრობდა სხვებივით ღიად, ეს იყო ამერიკის ელჩი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.