1743498910
ბადურაში ახალი უჯრედები აღმოაჩინეს - ეს დაზიანებული მხედველობის აღდგენაში დაგვეხმარება

მეცნიერებმა ადამიანის თვალში აქამდე უცნობი უჯრედები აღმოაჩინეს, რომლებმაც შეიძლება მხედველობის პრობლემების გამომწვევი დაავადებები შეაჩეროს. მათ ისინი ბადურაში ნახეს, რომელიც თვალის უკანა ნაწილში სინათლის მიმართ მგრძნობიარე სტრუქტურაა. ის მხედველობისთვის აუცილებელია.
საინტერესოა, რომ მსგავსი უჯრედები ჩანასახოვან ქსოვილში იპოვეს. როდესაც მეცნიერებმა ადამიანის ბადურას ლაბორატორიულად გამოყვანილი მოდელებიდან ნიმუში აიღეს და ის თვალის გავრცელებული დაავადების მქონე თაგვებში გადანერგეს, მათ მხედველობა აღუდგათ.
"ეს კვლევა ბადურას აგებულების შესახებ ჩვენს ცოდნას ამდიდრებს. ასევე მაკულარული დეგენერაციის სამკურნალო მეთოდების განსავითარებლად დიდ პოტენციალს ფლობს", - დაწერეს მეცნიერებმა კვლევაზე დაფუძნებულ ნაშრომში, რომელიც 26 მარტს გამოცემაში Science Translational Medicine გამოქვეყნდა.
ბადურა სინათლეს აღიქვამს და მას სიგნალებად გარდაქმნის, რასაც შემდეგ ტვინი ამუშავებს და განსაზღვრავს, რას ვხედავთ. ბადურას დაზიანება სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს შეიძლება გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორით იყოს, მათ შორის ასაკით, დიაბეტითა და ფიზიკური ტრავმით. ეს პროცესი ხშირად თვალის ისეთ გავრცელებულ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია და რეტინიტის პიგმენტოზა.
ამჟამინდელი მკურნალობის მეთოდები ძირითადად ბადურას უჯრედების დაშლის პროცესის შენელებასა და ჯერ კიდევ ჯანმრთელი უჯრედების დაცვაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე ისეთი ეფექტური თერაპია არ არსებობს, რომელიც ბადურას აღადგენს და მის დაზიანებას შეაჩერებს.
მეცნიერები ამბობენ, რომ გამოსავალი დაზიანებული უჯრედების ღეროვანი უჯრედებით ჩანაცვლებაა, რომლებიც საჭიროებიდან გამომდინარე სხეულის ნებისმიერ ადგილას ვითარდება და ფუნქციონირებს. მათ აქამდე ამ მიზნის მისაღწევად ბადურაში შესაბამისი ღეროვანი უჯრედების აღმოჩენა სჭირდებოდათ. ახლა კი უჯრედებსაც მიაკვლიეს.
ახალი კვლევის ფარგლებში მკვლევრები ლაბორატორიაში ბადურას ნიმუშებში უჯრედების აქტივობას დააკვირდნენ. მათ ორი ისეთი ტიპის ღეროვანი უჯრედი აღმოაჩინეს, რომლებიც რეგენერაციის უნარით გამოირჩევა. ესენია ადამიანის ბადურას ღეროვანი ნერვული და ღეროვანი ეპითელური უჯრედები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე ტიპის უჯრედს, რომლებიც ბადურას გარე კიდეზე მდებარეობდა, თვითგამრავლება შეეძლო. დადგინდა, რომ შესაბამის პირობებში სხვა ტიპის უჯრედებად გარდაქმნა მხოლოდ ღეროვან ნერვულ უჯრედებს შეეძლო.
სხვა ექსპერიმენტში მეცნიერებმა პეტრის ჭურჭელში, რომელიც ლაბორატორიული ჭურჭელია, ადამიანის ბადურა შექმნეს. ეს ქსოვილის 3D მოდელები, რომლებიც ორგანოიდებად არის ცნობილი, ადამიანური ორგანოების განსაკუთრებულ სირთულეებს ცხოველურ ნიმუშებზე უკეთ იმეორებს.
ორგანოიდებში უჯრედების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ღეროვან ნერვულ უჯრედებს შეიცავდა. ასევე ჩანასახოვან ფურცელში აღმოჩენილ უჯრედებს ძალიან ჰგავდა. მკვლევრებმა სპეციფიკური მოლეკულური ჯაჭვური რეაქციებიც გამოავლინეს, რომლებიც ღეროვან უჯრედებს ბადურას სხვა უჯრედებად გარდაქმნიდა და აღდგენის პროცესს არეგულირებდა.
მეცნიერებმა ორგანოიდებიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები იმ თაგვების ბადურაში გადანერგეს, რომლებსაც რეტინიტის პიგმენტოზის მსგავსი დაავადება ჰქონდათ. ეს უჯრედები ბადურას იმ უჯრედებად გარდაიქმნა, რომლებიც სინათლის სიგნალების აღქმასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს. შედეგად თაგვებში მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, იმ მღრღნელებისგან განსხვავებით, რომლებსაც უჯრედები არ გადაუნერგეს. ეს შედეგი 24 კვირის განმავლობაში, ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, შენარჩუნდა.
ეს აღმოჩენები იმაზე მიუთითებს, რომ ღეროვანი უჯრედები შესაძლოა ადამიანის ბადურას დაავადებების სამკურნალოდ გამოდგეს. მიუხედავად ამისა, დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა დადასტურდეს, ეს უჯრედები ადამიანის მხედველობის აღდგენას მართლა შეძლებენ თუ არა.