აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ელჩი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია აზერბაიჯანის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა ირანის მხარის მიმართ მკაცრი პროტესტი გამოთქვა და ელჩს პროტესტის ნოტას გადასცემენ.

მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე ირანული დრონებით დარტყმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".

ცნობისთვის, დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე დრონი შეკარაბადის სოფელში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა.