ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ  ადერჰოლტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს.

ნიკოლოზ სამხარაძე  კონგრესმენ რობერტ  ადერჰოლტს შეხვდა, რომელიც საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, აშშ-ის დელეგაციის წევრია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში.
„შეხვედრისას საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების გაუმჯობესების მზაობაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით ასევე, საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. საუბარი გვქონდა საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით, ჩვენს სტრატეგიულ როლზე. შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კონგრესმენ რობერტ  ადერჰოლტთან გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი ლიკა შარტავა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი.