აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება - სტივ ვიტკოფი

სტივ ვიტკოფი

აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის თავდაცვითი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი აცხადებს.

ვიტკოფის თქმით, აშშ-ს არასდროს შეუწყვეტია უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება „რაიმე თავდაცვითი მიზნებისთვის, რაც უკრაინელებს სჭირდებოდათ“.

ვიტკოფი აშშ-ის დელეგაციის წევრია, რომელიც ხვალ, საუდის არაბეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება.

„ბევრი დისკუსია გაიმართა. მინდა, ეს პროგრესად შევაფასო“, – განაცხადა ვიტკოფმა „Fox News“-თან ინტერვიუში.

ამასთან, ვიტკოფის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ კვირის შეხვედრების განმავლობაში სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.