„ამისთვის მზად ვართ...“ - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის წინ

კვარა

„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.

„რთული თამაში გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ვეცდებით, ხასიათი გამოვავლინოთ. „ენფილდზე“ გამოსვლა ბევრის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. შანსები თანაბარია. „ლივერპულთან“ დომინაცია ადვილი არაა, თუმცა გასულ კვირას ჩვენ ეს შევძელით. ხვალ აქაც გვეყოლება გულშემატკივარი, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე ამ გუნდის ერთადერთი მოთამაშე არ ვარ, ვისაც „ენფილდზე“ თამაშის გამოცდილება აქვს. ჩვენს გუნდში ბევრმა იცის აქ არსებული ატმოსფეროსა და გულშემატკივრების შესახებ.

ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პარიზში და ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, პსჟ-ის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ხოლო ამისთვის ჯერ მეოთხედფინალში უნდა გავიდეთ.

ადაპტაცია? პსჟ-ში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ადაპტაცია კარგად მიმდინარეობს, ყველა მეხმარება და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი შემიძლია. ვცდილობ, ფეხბურთით სიამოვნება მივიღო და ლამაზი მომენტები შევქმნა. თუმცა ფეხბურთი მხოლოდ ლამაზი მომენტები არაა – ჩვენი მიზანი ტიტულების მოპოვებაა.

ბევრს ვმუშაობ, რათა გუნდს მეტი წარმატება მოვუტანო. შეტევაში ვარ და მიზანი მხოლოდ გოლების გატანაა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, მთავარია, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულმა“ პსჟ სტუმრად 1:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ინგლისელთა საშინაო არენაზე ხვალ, 11 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.