3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1710703901
თანამედროვე მუსიკალური სამყაროს მეგავარსკვლავი საქართველოში ჩამოდის. ბრუნო მარსის სტუმრობას დედაქალაქი უკვე ელოდება. „ქილერსის" და "იმეჯინ დრეგონსის" შემდეგ, სეზონს ყველაზე დიდი ვარსკვლავი ბრუნო მარსი დახურავს.
გრანდიოზული შოუპროგრამითა და მსმენელისთვის საყვარელი ჰიტებით, ამერიკელი ვარსკვლავი, ბრუნო მარსი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ქართველი მსმენელისთვის პირველად იმღერებს.
მუსიკოსი "ბლექ სი არენას" მასშტაბური, ახალი პროექტის ფარგლებში, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს.
Starring Georgia - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება.
პრემიერის ინიციატივით, მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არტისტები. საქართველოში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე „ბლექ სი არენაზეც“. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, – თქვა გასული წლის ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა.
დინამო არენაზე ბრუნო მარსი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის პირველ ოქტომბერს იმღერებს. საქართველოდან და მსოფლიოდან ბილეთების შეძენა 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ამერიკელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრებას 70 000-მდე სტუმარი შეძლებს.
„კონცეფციის - „საქართველო მთავარ როლში“ მთავარი მონაწილე იქნება ბრუნო მარსი, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე გავლენიანი არტისტია საერთაშორისო ჯილდოების კრედიტებით,- ამბობს Black Sea Arena-ს დირექტორი ტატო ხარჩილავა.
ბრუნო მარსმა საკუთარი სახელი და შემოქმედება მუსიკალური ჯილდოების ტრიუმფად აქცია. 15 გრემი, 4 Brit Awards, გინესის 4 რეკორდი, ბრუნო მარსი მსოფლიოში პირველი მამაკაცი შემსრულებელია, რომლის გაყიდული სინგლების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ვარსკვლავი, მსოფლიომ უკვე აღიარა, როგორც თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტისტი.
„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ამ სეზონის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ბრუნო მარსი. მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეს რომ Starring Georgia ორწლიანი პროგრამაა და მომდევნო სეზონის კიდევ ბევრი ვარსკვლავის სახელი წინ გვაქვს. ეს კონცერტები ჩვენს ქვეყანას სულ სხვა შესაძლებლობებისკენ გაუხსნის გზას საერთაშორისო გასართობი ინდუსტრიის ბაზარზე“,- ამბობს Black Sea Arena-ს პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი.
პოპი, არენბი, ფანქი, სოული, რეგი, დისკო და როკი - არაერთ განსხვავებულ ჟანრში, სხვადასხვა თაობის მსმენელის საყვარელი არტისტი - ბრუნო მარსი 2023 წლის "სტარრინგ ჯორჯიას" ვარსკვლავურ შემადგენლობას დაასრულებს.
„Starring Georgia-ს ფარგლებში წელს ყველაზე მასშტაბური იქნება ბრუნო მარსის კონცერტი. უკვე გაყიდული ბილეთებიდან 20 პროცენტი საერთაშორისო ვიზიტორებს აქვთ შეძენილი. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ ბრუნო მარსის კონცერტზე ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს საქართველო“,- ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
დასკვნითი კონცერტის შემდეგ, ორგანიზატორები 2024 წლის მსოფლიო ვარსკვლავების პროგრამაზე მუშაობას იწყებენ.
ცნობისთვის, ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. თბილისსა და შეკვეთილში თანამედროვეობის უდიდესი არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. კონცერტები Black Sea Arena-ს სცენაზე, შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
ნანა ჩხაიძე