პრემიერის ინფორმაციით, მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო ვარსკვლავები ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები არტისტები და ივნისი, ივლისი, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე „ბლექ სი არენაზეც“. გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.