სიცოცხლის ზეიმი, ტრადიციული კოცონი და უამრავი ტკბილეული - შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულიდან

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. აზერბაიჯანელები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ.

ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. 

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს, ჩვენ ეთნიკურ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ჩვენს ძმებს ყველგან, ჩვენს მოძმე აზერბაიჯანში, თურქეთში, ყველგან. ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მშვიდობა ჩვენს მოქალაქეებს, კეთილდღეობა, მეტი ბარაქა, მეტი სიხარული, სტაბილურობა და ყველაფერი საუკეთესო ჩვენს ხალხს. ეს მინდა ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ძალიან მშრომელ ხალხს, ძალიან გონიერ ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური იმითაც, რომ დღევანდელი დღე უკავშირდება მშვიდობას, კეთილდღეობას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაური ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.


პრემიერმა დღესასწაულთან დაკავშირებით მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილი სივრცე დაათვალიერა, სადაც განთავსებული იყო ეთნოკუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას გაესაუბრა და მარნეულის ცენტრში სიმბოლური კოცონი აანთო.

მარნეულში გამართულ ღონისძიებას პრემიერთან ერთად დაესწრნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი, აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და კომპანია „სოკარის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მახირ მამედოვი.