1760126513
ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
„სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 243 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ და 50 გრამამდე „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.












