პრემიერის ქება აშშ-ის ელჩს და ოთხეულის უპასუხო წერილები - ვინ როგორ აფასებს ღარიბაშვილის განცხადებას

პრემიერი და ელჩი

ბოლო ხანს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მისამართით ძალიან ბევრი კითხვა და კრიტიკა გაჟღერდა ოცნების რიგებიდან წასული დეპუტატების მიერ.

კრიტიკული წერილები და განცხადებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივნისში საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ოცნებიდან გასული დეპუტატები მიიჩნევდნენ, რომ მთავარი სათქმელის დრო მოვიდა და მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ხალხისთვის სიმართლის გასაგებად გამოეყენებინათ.

უკვე დამოუკიდებელი დეპუტატები ერთ ტრიბუნასთან შეიკრიბნენ და საკმაოდ მწვავე განცხადებებით და ვრცელი წერილებით მიმართეს აუდიტორიას.

აღსანიშნავია, რომ თავიდან კითხვებით სავსე წერილებზე, ადრესატებმა პასუხები დააგვიანეს. თუმცა სამკვირიანი ლოდინის შემდეგ ირიბი პასუხებით, წერილის ადრესატების ინტერესი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.

ამას არ დასჯერდა ოცნებიდან წასული ოთხეული და უფრო მწვავე კრიტიკული წერილები გამოაქვეყნეს... სანამ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი წერილების შინაარსს და კონკრეტული პირების ბრალეულობებს არკვევდა, ყველასგან მოულოდნელად, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ მკაფიო და საინტერესო განცხადება გააკეთა.

პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ელჩის მიმართ კითხვების დასმა საჭირო არ არის და ქალბატონი დეგნანი შეაქო კიდეც.

მთავრობის მეთაურის თქმით, კელი დეგნანი ძალიან აქტიური ელჩია და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში.

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკაც მოვისმინე და პოლემიკაც. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა არ არის საკმარისი და საჭირო. უფრო მეტიც, მინდა ვთქვა და შევახსენო ყველას, რომ ამერიკას, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული, ძალიან ბევრი დახმარება აქვს გაწეული ჩვენი ქვეყნისთვის, არაერთი მიმართულებით.

მინდა ასევე ვთქვა, რომ ყველა სახელმწიფოს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა ამერიკას, რომელიც არის N1 სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, თავისი ინტერესები აქვს ყველა მიმართულებით. ამერიკას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, წარმომადგენლები, ელჩი. ჩვენ, რა თქმა უნდა პატივს ვცემთ ამერიკას, ამერიკის წარმომადგენელს, ელჩსაც და ყველა წარმომადგენელს. გვაქვს ძალიან კარგი, მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი და იცით, რომ ის აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროექტების და პროგრამების განხორციელებაში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ასეთი პოლემიკით არათუ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს.

მე ზოგადად არ ვარ წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ამ პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება, რა თქმა უნდა, არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის. მე ასევე მინდა შემდეგი გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა, განვითარება და ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება.

ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი, კიდევ და კიდევ მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერება. უნდა გავუფრთხილდეთ მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ეს არის ჩემი პასუხი”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებას აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

მისი შეფასებით, ოთხეულმა თავის თავი ამოწურა და ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება.

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, როგორც მივხვდი, ამ ოთხეულმა თავის თავი ამოწურა და ვფიქრობ, მათი ეს გზავნილები და წერილები დასრულდება. მათ გამოსვლებს თავიდანვე უარყოფითად ვაფასებდი. კარგი იქნება, თუ ამას წერტილი დაესმევა და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ მეტი პატივისცემა იქნება გამოხატული. მთლიანობაში, ველოდები რიტორიკის შერბილებას, რადგან პრემიერის გუშინდელი განცხადება ამას ნიშნავდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას ამბობს, რომ სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა.

„ჩვენ ვნახეთ პრემიერის შეფასებაც, რომ დაიწყო ქალბატონი კელი დეგნანის ქება. ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი იქნება, კობახიძე თუ ნებისმიერი სხვა, ამ ადამიანების სიტყვის ფასი ნულია. ერთ დღეს გამოდიან, დილით ამბობენ ერთს ისე, რომ თავადაც არ იციან, საღამოს რა შეფასების გაკეთება მოუწევთ, რადგან ეს მათი შეფასება არ არის. ისინი ამ დავალებას იღებენ. ამიტომ დილით ერთს ამბობენ, შუადღეს მეორეს და საღამოს მესამეს. ამ ოთხეულის სრულიად ღია ანტიდასავლური და ანტიამერიკული ნარატივი კატასტროფაა, თუმცა ყველას გვესმის, რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ არის. ყველაფერი მოდის „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან. ისევე, როგორც, როგორიც იქნება ღარიბაშვილის შეფასება, ესეც „ქართული ოცნების“ რეალური ხელმძღვანელისგან მოდის, ბატონ ივანიშვილს ვგულისხმობ. ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია ეს შოუ და ფარსი – ერთი ხელით ერთს აკეთებდე და მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს. ამას ჩემთვის ფასი არ აქვს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მეთაურს ბრიუსელში ვიზიტის წინ მოუწოდებს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეულის განცხადებებს გაემიჯნოს.

აქვე, პრეზიდენტი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას უნდა ისაუბროს საქართველოს შესახებ და გააქარწყლოს ის ეჭვები, რაც საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს.

პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ  საქართველოს სამომავლოდ განვითარება გადაჯაჭვულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან

„ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლოდ განვითარება გადაჯაჭვულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან - სხვაგვარად წარმოუდგენელია მაგალითად, უსაფრთხოების რისკებთან გამკლავება და ბევრი სხვა რამ.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, პრემიერის მხრიდანაც ამ განწყობის დადასტურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვიზიარებ მის პოზიციას. შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა არის საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოცნებიდან წასული მოძრაობა „ხალხის ძალა“-ს წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ „დიდი სახელმწიფოები ინტერესების გატარებას პატარა სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე ცდილობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოება როგორ არის ინფორმირებული და ისინი ამას აუცილებლად გააგრძელებენ“.

„ჩვენი მიზანი ხომ ეს არ იყო, ვინმესთვის რაიმე შეურაცხყოფა მიგვეყენებინა და ანტიდასავლური განცხადებები გაგვეკეთებინა? – არა, პირიქით, ჩვენ ყველა წერილში ვამბობდით, რომ აშშ-სთანაც და ევროკავშირთანაც ნამდვილი ევროპული ღირებულებები და ჯანსაღი ურთიერთობები გვინდა. თუ ისე მოხდება, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯით, რომელმაც გაამართლა, ამერიკასთან ურთიერთობა ისეთი იქნება, როგორც თანაბარი სახელმწიფოების, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. გარკვეული ტიპის დარტყმები ჩვენს თავზე ავიღეთ. დიდი სახელმწიფოები თავიანთი ინტერესების გატარებას პატარა სახელმწიფოების ინტერესების ხარჯზე ცდილობენ და დიდი მნიშვნელობა აქვს, საზოგადოება როგორ არის ინფორმირებული. ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნანა ჩხაიძე