დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
არაღიარებული კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. სასაზღვრო ქალაქ მიტროვიცაში განგაშის სიგნალი იყო ჩართული. არაღიარებული კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა სერბებმა მთავარი ავტომაგისტრალები სატვირთო ავტომობილებით გადაკეტეს. ადგილზე არაღიარებული კოსოვოს სწრაფი რეაგირების ძალები გამოჩნდნენ. ისმოდა სროლის ხმაც.
არეულობა კოსოვოს დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, დღეიდან, არაღიარებულ კოსოვოში სერბეთის მიერ გაცემული სატრანსპორტო დოკუმენტებითა და სანომრე ნიშნებით გადაადგილება უნდა აკრძალულიყო.
კერძოდ, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).
კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ.
რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რეგიონში ვითარების განზრახ გამწვავებაში სწორედ პრიშტინა დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დაძაბულობის ესკალაცია, რომლის უკანაც „აშშ და ევროკავშირი დგას“, კოსოვოს ხელისუფლების მიერ დაწესებული „გაუმართლებელი დისკრიმინაციული წესების“ შედეგია.
კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობამ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერიოს სასაზღვრო კონფლიქტში, თუ კოსოვოს ჩრდილოეთში სტაბილურობას საფრთხე შეექმნება.
კოსოვო-სერბეთის საზღვარზე არსებულ დაძაბულობას გამოეხმურა უკრაინის რადას დეპუტატი, ევროსაბჭოს მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ოლექსი გონჩარენკო.
„თუ სერბეთი შეიჭერება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზადაა იმოქმედოს შეიარაღებული ძალებით. სერბეთი ცდილობს წამოიწყოს აგრესიული ომი, ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი პუტინის ტროას ცხენია ევროპაში. ომი საშინელებაა, ყველგან მსოფლიოში“, - დაწერა გონჩარენკომ.
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ტვიტს გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რიჩარდ გრენელი.
„შეშლილი ხარ“, - დაწერა Twitter-ზე რიჩარდ გრენელმა, რომელმაც ალექსეი გონჩარენკოს შესაბამისი ტვიტი გააზიარა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა არაღიარებული კოსოვოს ხელისუფლებას მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა და აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, ძალის გამოყენებით დაიმუქრა.
მას შემდეგ, რაც პრიშტინას ამერიკის ელჩმა მიმართა, არაღიარებული კოსოვოს ხელისუფლებამ რეგულაციები ერთი თვით გადადო.
ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.
კოსოვოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. მისი განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა საჯარო საკითხები ევროკავშირის თანადგომით, დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ.
ცნობისთვის, მანქანების თაობაზე უთანხმოებამ იფეთქა 2021 წლის სექტემბერშიც - მას მერე, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთიდან შესულ ყველა მძღოლს მოსთხოვა გამოეყენებინათ დროებითი, 60-დღიანი, დაბეჭდილი ნომრები, იმ ზომების პასუხად, რომლებიც სერბეთმა კოსოვოელ მძღოლებთან მიმართებით 2008 წელს შემოიღო - როცა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მაშინ კოსოვოს ჩრდილოეთით მცხოვრებმა სერბებმა მანქანებით და ბარიკადებით გადაკეტეს იარინიესა და ბრნიაკის გადასასვლელები, კოსოვოს ხელისუფლებამ ადგილზე პოლიციის დანაყოფები გაგზავნა, ცაში სერბეთის სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ, ძალის დემონსტრირების ნიშნად.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის განცხადებით, კოსოვო 2022 წლის ბოლოს შეიტანს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მიუხედავად შეშფოთებისა ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სერბეთთან დაძაბულობის გამო.