სააკაშვილს წასვლა უნდა - ვის (არ) სჯერა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის

saakashvili

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს. 

„მისი პოზიცია ნათელია, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა, რაც ნიშნავს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა არ უნდა. მან ასეთი რამ თქვა, თუ მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება, მხოლოდ ამის შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო, თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში და არავითარ შემთხვევაში საქართველოში“, - ამბობს ვალერი გელბახიანი.

ამ ამბავმა საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არსად არ წავა. ნაწილი თვლის, რომ ეს ერთადერთი გზა დარჩა გისოსებს თავი დააღწიოს, მხარდამჭერები კი ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებენ.

საინტერესო აქ ისაა, რომ თავად სააკაშვილს როგორც სჩვევია მთავარი განცხადებების და მოწოდებების მსგავსად, ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში პირადად მისი სახელით არ გამოუქვეყნებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. უფრო მეტიც, სააკაშვილის გუნდის წევრები  ადვოკატს დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ სააკაშვილი შუამავლებით არ საუბრობს.
 
 გოცირიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩამოშორდა.

„რატომ უნდა ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაზე „ადვოკატებთან?! ის პოლიტიკაზე არ ლაპარაკობსო, ასე თქვა გუშინ ხაჭაპურიძემ. ასევე, არასწორია, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ ხვდება, როგორ არ ხვდება, როცა მასთან გუბაზ სანიკიძე გუშინ იყო შესული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არის კობა ნაყოფია და მასთან კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შედიან მომავალ კვირასაც.

მიხეილ სააკაშვილი თავის პოზიციას თვითონ იტყვის და მას ძალიან ბევრჯერ გამოუქვეყნებია პოსტები თავის პოზიციასთან დაკავშირებით. ადვოკატების ინტერპრეტაციით რაღაცის შექმნა არ არის სწორი. შეიძლება, არასწორად გაიგო ან  არასწორი ინტერპრეტაციით გითხრათ. სააკაშვილი შუამავლობის ენით არ ლაპარაკობს. მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ გაუწყვეტია“,- განაცხადა გოცირიძემ. 

ადვოკატის განცხადებაზე სააკაშვილის დედა ვერაფერს ამბობს.

„ჩვენ საერთოდ არ ვეხებით ამ თემებს, იმიტომ რომ არ უნდა ჩემთან ამ თემებზე ლაპარაკი. რაც შეეხება ადვოკატებს, მათი მოგონილი ხომ არ არის [განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ], ალბათ მათ აქვთ საუბარი ამ თემაზე. დღეს ეს ადამიანი უკრაინის მოქალაქეა. უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც მას მისცა მოქალაქეობა, მეორე მხრივ, საქართველომ ჩამოართვა მას მოქალაქეობა. მარტო ციხეში უნდა იჯდეს საქართველოში და მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს?“, - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკას ემიჯნება. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული მან მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით გაახმოვანა.

„ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. წავიდა ასევე, მისი პარტიიდან და ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს რაიმე საქმე. შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობას”, 29 დეპუტატივე შევიდეს ცალ-ცალკე და დაელაპარაკონ, ან შექმნან დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს მისი პოზიცია და დააზუსტონ. ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა“, – ამბობს ხაჭაპურიძე.

„ნაცმოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახლა პარტიისთვის პირველხარისხოვანი არა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხი, არამედ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხია.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პარტიიდან შედის სააკაშვილთან მოსანახულებლად და ხედავს, რა მდგომარეობაშიც არის ის, არავის გასჩენია პოლიტიკაზე საუბრის სურვილი. დღეს მისი მდგომარეობა მძიმეა, შესაბამისად, ჩვენთვის პოლიტიკური კონტექსტი მეათეხარისხოვანია. პირველხარისხოვანია მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება. ასეთი მასშტაბების და სახელმწიფო აზროვნების მქონე ადამიანის დაკარგვა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვისაც პრობლემაა“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

პოეტი დავით მაღრაძე ამბობს, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია.

„სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან უკვე წასულია და, მგონი, უმალავენ მის კონტაქტებს პარტიის წევრებთან და არა პარტიის წევრებთან ფასი არ აქვს, პარტიაც აღარაა“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს. მისივე თქმით, სააკაშვილის პირადი განცდები, სურვილები და მისი პარტიის ბედი მეორეხარისხოვანია.

ამ ადამიანმა პასუხი კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს. რა სჭირს, რას დარდობს, როგორ უნდა დაუძვრეს მართლმსაჯულებას, როგორმე, როგორ უნდა გამოვიდეს ციხის საავადმყოფოდან, სადაც ახლააა მოთავსებული - ეს ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ასევე, მეორეხარისხოვანია მისი ბედკრული პარტიის ბედიც“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პარტიის დამფუძნებლის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება. 

პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია – ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, ან მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა. დიახაც, ვიცი რა, ეს რეჟიმი სანამ არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით, უბრალოდ, ვერ ვიხსნით, სამწუხაროდ. პოლიტიკური ხმა რას მეუბნება გეტყვით, მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს [მის გადასაყვანად]... მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გვეიმედებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მაგრამ ხედავთ როგორ ექცევა ბიძინა ივანიშვილი მათ. მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ეს მოხდება, მაგრამ ამ იმედზე ყოფნა მე არ მინდა როგორც პოლიტიკოსს, როგორც მებრძოლს და არც ჩემს მეგობრებს“,- ამბობს მელია.

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სერიოზული ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, რითაც ცხადი გახდება, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მართლა წავიდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ხვიჩიამ განუცხადა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პარტიიდან მიხეილ სააკაშვილისნაირი ფიგურა მიდის, იქ რაღაც უნდა შეიცვალოს.

„როცა ეს მოხდება, იქნება მესიჯი, რომ ეს ნამდვილად მოხდა. ადამიანები არიან დასარწმუნებელი, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა ქვეყნის ევროინტეგრაციაში ხელს გვიშლის და ხელს შეგვიშლის „ქართული ოცნების“ გაჯიუტებაც, თუ ისინი ასე თამაშს გააგრძელებენ. პარტიას ეს თემა მაშინ უნდა წამოეწია, ვიდრე ჩვენ ვიტყოდით. ახლა პოზიცია ჯერ რომ არ არის ჩამოყალიბებული და ეჭვის შეტანა ხდება ხან ოჯახის, ხან ადვოკატების განცხადებებში, მგონი, ეს პროცესი უნდა დაიძლიოს და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ თემაზე ღიად დაიწყოს თანამშრომლობა იმ ხალხთან, ვინც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მისი პოლიტიკიდან გასვლის სანაცვლოდ. არასერიოზული განცხადებები უნდა მორჩეს და სერიოზული მოქმედება დაიწყოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი და ქართული პოლიტიკა გადარჩეს. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმაცია არ დაიწყო, მიშას წასვლის შემდეგ მათი მომავალი ბუნდოვანი იქნება. ეს მიშას პარტიაა, მაგრამ ტრანსფორმაცია ყველას შეუძლია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობის საკითხი არ შეიცვლება იმის მიუხედავად, თუ რას გადაწყვეტს პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლა დიდ გავლენას და ნაკვალევს ვერ დაამჩნევს ქართულ პოლიტიკას. ასე ეგონა, როცა საქართველოში ჩამოდიოდა და სხვა რეალობა დახვდა. ამაშია მისი პრობლემა.

მეორე მხრივ, ეს ხრიკად განიხილება - აბსოლუტურად ფუჭი მცდელობაა, რადგან ეს ერთმანეთთან თანხვედრაშიც არ არის პოლიტიკაში ექნება თუ არა ყოფნის სურვილი მის საპატიმრო უფლების განხორციელებასთან და ერთმანეთთან სავაჭროდ გამოყენება მიუღებელი და წარმოუდგენელია“, - თქვა სარჯველაძემ.

გიგა ბოკერია თვლის, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა, კატასტროფაა.

„მას როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა.
ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა“,- ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ნანა ჩხაიძე