პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაირკვა, რომ ევროკომისია 12 პუნქტის შესრულებას არა 2022 წლის დეკემბერში, არამედ 2023 წელს შეაფასებს და ეს დეპოლარიზაციასა და რეფორმებზე "გულდასმით სამუშაოდ" საქართველოსთვის სათანადო დროის მიცემის საჭიროებით აიხსნა.
2022 წლის შემოდგომაზე კი ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს მიერ „ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ“.
ყველაზე მწვავე შეფასება თბილისში ლიეტუველი ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს გამოსვლას მოჰყვა, სადაც ის დეოლიგარქიზაციის კონტექსტში პირდაპირ ასახელებდა ბიძინა ივანიშვილს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი დეპუტატი არა ევროპულ სულისკვეთებას, არამედ რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას იზიარებს და საქართველოში პოლარიზაციას ახალისებს.
ევროპარლამენტში მოწოდებები ისმოდა ოპოზიციის მისამართითაც. ითქვა, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით პარტიებს პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრებათ, თუმცა ეს გზავნილი პირიქით ესმით მმართველი გუნდის ოპონენტებს - მათ, ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში "ქართულ ოცნებასთან" არ მუშაობენ.
ევროპარლამენტში გაჟღერებული საკითხები სასამართლოსთან, საარჩევნო საკითხთან, ადამიანის უფლებებთან და პოლარიზაციასთან მიმართებით სწორედ დეპოლარიზაციით უნდა გადაიჭრას - ასეთია ოპოზიციის მეორე ნაწილის პოზიცია. მცირე საპარლამენტო ჯგუფებში ამბობენ, რომ რეფორმებს ალტერნატივა არ აქვს და ის პოლიტიკური სპექტრის ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.
დეპოლარიზაციის მცდელობებში ქართული პოლიტიკური ელიტა რომ არ უნდა აჩქარდეს, ამაზე დღეს ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენელმა ისაუბრა.
მეტიც, მაიკლ რუპიმ თქვა, რომ ეს საკითხი არის საფუძველი საქართველოს შესახებ ანგარიში 2023 წელს მომზადდეს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამ გზავნილით დასტურდება, რომ საქართველოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უპრეცედენტოდ მოკლე ვადა ჰქონდა განსაზღვრული.
„საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება მეტი დრო, რათა შეასრულოს ის 12 პირობა, რომლის სანაცვლოდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“,- თქვა მიხაელ როპმა.
როპი არის სწორედ, ის ფიგურა, რომელიც წარმოადგენს ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში. სწორედ ეს უწყება ეხმარება ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს, დააკმაყოფილონ წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.
"დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველომ იმუშაოს მუყაითად, ღრმად და გულდასმით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომაც, გულდასმით განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ არ უნდა დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, მიუსხდნენ ერთ მაგიდას რეფორმებზე დეტალურად სამუშოდ და ჩვენ, როგორც ევროპულმა კომისიამ გვთხოვა, საპასუხო ანგარიშს პრიორიტეტებზე [12 პირობაზე] წარვადგენთ 2023 წლის გაფართოების პაკეტში. ეს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მისცემს სათანადო დროს, გულდასმით იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე" - განაცხადა მიხაელ როპმა.
ევროკომისია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს დასკვნას საქართველოს მხრიდან ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შესრულებაზეც, საუბარია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობაზე, რაც სავარაუდოდ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაშიც იქნება ასახული.
მანამდე კი რეალობა ასეთია: ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 24 ივნისს.
ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. იქამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოს პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.