ისტორიული დოკუმენტი ხელმოწერილია - ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი საქართველოს ევროკავშირთან დაგვაკავშირებს

ისტორიული დოკუმენტი

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლე კიდევ ერთი ისტორიული მოვლენის მემატიანე გახდა. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

ოთხ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვთ, გაიზარდოს შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, მოხდეს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირება და ზოგადად, გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წილი.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება ითვალისწინებს შავ ზღვაში, წყალქვეშ 1000 მეგავატი სიმძლავრის კაბელის გაყვანას და მისი მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას. ევროკავშირი ზრდის კავშირს სამხრეთ კავკასიასთან და საქართველო ხდება ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო, როგორც ხიდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დერეფანში - ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რაც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებია. ურსულა ფონ დერ ლაიენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას. ახალი გეოპოლიტიკური ენერგოუსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად, ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროპა ფინანსებს არ დაიშურებს.

რეგიონში არსებული კრიზისისა და გამოწვევების ფონზე ევროპა ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ქვეყნები კი საკუთარი პოტენციალის გაზრდას და სრულად ამოქმედებას ცდილობენ. მაგალითად აზერბაიჯანმა უკვე გააფორმა შეთანხმება ევროკავშირთან, რაც ევროპის სივრცეში აზერბაიჯანული ენერგო რესურსების ექსპორტის გაზრდას გულისხმობს. ბუნებრივია ამ სქემაში საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ოთხმხრივი შეთანხმების ავტორები, ენერგოკრიზისის დასაძლევად ერთობლივ თანამშრომლობას, უალტერნატივო გზად მიიჩნევენ.

გადაწყვეტილება მიღებულია, ხელშეკრულება ხელმოწერილი - ახლა დღის წესრიგში საკითხის იმპლემენტაცია დგება. საქართველომ პროექტირების პროცესში რამდენიმე მილიონი უკვე დახარჯა. წინასწარი შეფასებით ალტერნატიული ენერგო მატარებლის პროექტის მოსამზადებლად მინიმუმ სამი მილიარდი დაიხარჯება. მთავრობის წევრების შეფასებით სტრატეგიული გადაწყვეტილება, საქართველოს როლს შეცვლის როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი მოვლენაა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და რუმინეთის მთავრობის ხელმძღვანელებმა პირისპირ საუბრისას.

რუმინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო მასშტაბური, ევროპული შეთანხმების დროულად განხორციელების ერთგული რჩება.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, ამ პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი.

ძალიან მახარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს, აზერბაიჯანის უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დაახლოებს ჩვენ პარტნიორებთან სამხრეთკავკასიის რეგიონში, დაგვეხმარება, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსის და მატარებლების მიწოდება მოხდეს. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა - აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით.  ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

თავის მხრივ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ისტორიულ ხელშეკრულებას , ჯერ პრესკონფერენციაზე, შემდეგ კი ტვიტერზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება და პროექტი ენერგო კრიზისიდან გამოსავალია.

„ჩვენ გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. ჩვენ შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში, გავლენის მოსახდენად. როდესაც გაიზრდება იმპორტი, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ჩვენ ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს არის ინოვაცია. მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი რომ ეს არის ნამდვილი Rock and roll, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუმინეთში და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ დღეს გვაქვს საშუალება ენერგოსექტორში ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ალიევმა კი აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთი გუნდის პრინციპით უნდა მუშაობდნენ და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირთან.

საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.

„მივესალმები „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

შეთანხმება, რომელსაც ვაწერთ ხელს, გაზრდის ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გამომუშავებას და განაწილებას, - ასე გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი ისტორიულ პროექტზე შეთანხმებას.

„სიამოვნებით ვმასპინძლობ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლაე-იონელ ჩუკას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. შეთანხმება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, გაზრდის ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს მწვანე ენერგიის გამომუშავებას და განაწილებას, გააძლიერებს შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობას!“, - აღნიშნავს იოჰანისი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით თქვა, რომ საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის აღნიშნულ ხელშეკრულებას.

„ენერგეტიკული მომარაგება, ეს ის თემაა, რომლის გარშემოც ხდება პოლიტიკური შეთანხმებები, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებას სტაბილურობისთვის. საგანგებო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ ხელშეკრულებას ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბუქარესტში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას, დარგის სპეციალისტები აფასებენ. მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი, ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ასეთი სიგრძის ელექტროგადამცემი კაბელები ჯერჯერობით მსოფლიოში არ არის. ყველაზე გრძელ ახლა არის 600-650 კილომეტრიანები და ახლა დაიწყო ძალიან გრძელი კაბელის მშენებლობა მაროკოსა და ინგლისს შორის“, - ამბობს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

თავის მხრივ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო გაამყარებს საქართველოს ენერგეტიკულ მდგრადობას და, შესაბამისად, პოლიტიკურ სიტუაციას.

„უკვე შეგვიძლია ევროპაში ელექტროენერგიის მიმოსვლა ვაწარმოოთ. ბუნებრივია, ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება, მაგრამ პერსპექტივაში, შეგიძლია ვიმუშაოთ ევროპის ენერგოსისტემასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული დარგის მდგრადობისა და უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს არაბიძე.

ისტორიული დოკუმენტი ხელმოწერილია. ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი, შავი ზღვის ფსკერზე გაივლის და საქართველოს ევროკავშირთან დააკავშირებს.

ნანა ჩხაიძე