გმირები, უკრაინის ომით მანიპულირება და მებრძოლთა ნაწილის პოლიტიკური კავშირები „ნაცმოძრაობასთან“

ქართველები უკრაინაში

ერთი წელი გახდება, რაც უკრაინაში რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ. ომის თემა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ქვეყნები გმობენ რუსულ აგრესიას და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. რა თქმა უნდა, მათ შორის არის საქართველო. 

დევნილობაში მყოფი ასეულობით უკრაინელი ოჯახი ამჟამად საქართველოს აფარებს თავს. მრავალფეროვანი საქველმოქმედო აქციების, ჰუმანიტარული დახმარებისა და შეღავათების პარალელურად, აქ მცხოვრებ უკრაინელებს ყოველთვიური სოციალური დახმარებაც აქვთ.

უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. საომარ მოქმედებებს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. გასულ კვირას გავრცელდა ბოლო საზარელი ამბავი, ერთდროულად 5 მებრძოლი დაიღუპა.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხუთი ქართველის დაღუპვის ამბავი საქართველოში რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკური გარჩევების თემად აქცია. მათი თქმით, უფრო მეტი პოლიტიკური განცხადება და მუქარა გაისმა ხელისუფლების მისამართით, ვიდრე გულწრფელი სამძიმარი დაღუპული ბიჭების მიმართ.

კრიტიკას და ბრალდებებს არც უკრაინაში მყოფი ის მებრძოლები იშურებენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ დასაქმებულები და ახლაც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერდა: „ესენი იმუქრებიან, ჯერ რუსებს მოვ*** თ დედას და მერე საქართველოში მოგხედავთო“.

ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ორი დღის წინ რაც მოხდა, ყურადღების მისაქცევი ერთგვარი პერფორმანსი იყო.

მამუკა არეშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე ძალიან ბევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიპატიჟა უკრაინაში, ჩაიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ბევრი მათგანი სამსახურებიდან დაითხოვეს, რამდენიმე დარჩა, რომელთაც საკმაოდ სერიოზული გავლენები აქვს უკრაინაში.

„ესაა ლორთქიფანიძე, სიხარულიძე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა ადეიშვილი. ღიად ჩანს, როგორი გავლენებიც აქვს ადეიშვილს. ის პროკურატურაში გენერალური პროკურორის მრჩეველია, მაგრამ ამას გარდა, სერიოზული გავლენები აქვს. როგორც მე მეუბნებიან, სიხარულიძესაც დაახლოებით, ამ დონის გავლენები აქვს. ლორთქიფანიძე ხომ დაზვერვაში მაღალ თანამდებობას იკავებს. არ ჩანან, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილ წარმომადგენლებსაც ძალიან დიდი გავლენები აქვთ, რომლებიც უკრაინაში არიან. ზოგი თანამდებობაზე არ არის, მაგრამ ზოგს მრჩევლის სტატუსი აქვს ამა თუ იმ სტრუქტურაში. გარდა ამისა, გარკვეული გარკვეული ლობისტური ჯგუფები აქვთ. პლუს, ქართველი სამხედროების ერთი ნაწილია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება“,- აცხადებს არეშიძე.

კითხვაზე: ის, რომ უკრაინაში პროფესიონალი მებრძოლების გარდა, არიან გამოუცდელი პირები, რომლებიც მართლაც სულით და გულით იბრძვიან ოკუპანტის წინააღმდეგ. ხომ არ არის „ნაცმოძრაობის“ სახეებისგან ამ ადამიანების გამოყენების მცდელობა? - არეშიძე პასუხობს, რომ  რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ მასისთვის იყენებს.

არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის დასამარცხებლად იბრძვიან, სხვადასხვა კატეგორიაა სამხედროებში. ჩემი უკრაინელი კოლეგები მეუბნებიან, რომ ეს იქ ძალიან მკვეთრად ჩანს. ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან კონტაქტს ერიდებიან, მაგრამ ეს აქედან, ჩვეულებრივი ადამიანისთვის არ ჩანს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ნამდვილად ასეა. მოკლედ, არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სამხედროები, არიან პატრიოტები თავისი ქვეყნის, რომლებიც რეალურად თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან“,- ამბობს არეშიძე.

სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს სამხედრო ჭრილში განიხილავს. ექსპერტი ფიქრობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გავლენების თემას უფრო ფართოდ და ღრმად ხედავს. მისი შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის სცენარი.

„ბოლო თვეების განმავლობაში იგი იმდენადაა დაკავებული საკუთარი თავით, რომ ყველა წვრილმანს ვერ მართავს. აქ უფრო სხვა ძალებია. სხვა მიზნები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში და აღარც მალავენ. დღევანდელ განცხადებას თუ მივაბამთ ამას, რაც საქართველოში უკრაინის ელჩმა თქვა, პირდაპირ ემსახურება ერთ მიზანს, რომ როგორმე საქართველო დააფიქსირონ, რომ  ჩართულია სამხედრო დახმარებაში უკრაინისათვის.

მთელი ამერიკის და ნატოს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი მუშაობს დღეს უკრაინის დახმარებაზე, უზარმაზარ თანხებზეა საუბარი. თუ არ ვცდები, ბოლოს 90 მილიარდი დოლარი დაფიქსირდა და საუბარია  ისევ ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე, ეს  მხოლოდ ამერიკის მხრიდან. უზარმაზარ თანხებზე და მოცულობებზეა საუბარი.

რა ინტერესი არის საქართველოდან აქ, რა უნდა მივაწოდოთ ჩვენ, მით უმეტეს, როცა ქვეყანა იმყოფება ასეთი გამოწვევების ქვეშ. ჩვენ თავად გავიარეთ რამდენიმე ომი და ორი რეგიონი არის ოკუპირებული. ცხვირწინ გვიდგას ოკუპანტის ერთი ბაზა, დასავლეთში მეორე ბაზა. ეს ასე რომც არ იყოს ჩვენგან მიწოდებული იარაღი ზღვაში კი არა, ოკეანეში წვეთია. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან, რა უნდა გადავცეთ აქედან. ეს არ არის მთავარი მიზანი, მთავარია ჩვენგან დაფიქსირდეს სამხედრო დახმარება. ეს იფუთება სხვა დახმარებებით. მთავრობას არ შეუწყვეტას ამდენი ხანია ჰუმანიტარული დახმარებები. აქ სხვა თამაშია. არ არის მხოლოდ სააკაშვილის გავლენები, თუმცა ამ საქმეში ჩართულია სააკაშვილის გავლენის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილმა გაიყოლა უკრაინაში და იქ დღეს არიან პოზიციებზე. რა თქმა უნდა, მათი ჩართულობა სახეზეა, იგივე არახამია, გონჩარენკო და სხვები რომ იშვერენ ხელს და პრორუსობას აბრალებენ, თავად არიან ყველაზე სამარცხვინო, არა თუ პრორუსული, არამედ პირდაპირ რუსული წარსულით...

გონჩარენკო რასაც აკეთებდა, ამას პრორუსობა არ ჰქვია. წლების განმავლობაში ითხოვდა უკრაინის მიერთებას რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან. ამიტომ აქ უფრო დიდი თამაშია, თავად სააკაშვილიც ალბათ ინსტრუმენტია, ვინ აწარმოებს ამას. ვხედავთ, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ურთიერთობები მაქსიმალურად დაგვიძაბეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ კრიმინალები, რომლებიც გასამართლებულები არიან ქართული მართლმსაჯულებით, არიან შეფარებულები უკრაინაში, ეს უპატივცემულობაა ქართული სასამართლო სისტემის და ქართული სახელმწიფოსი. ჩვენი საელჩო, მიუხედავად უმძიმესი ვითარებისა, დღემდე იქ არის, უშუქობაში, უბედურ პირობებში და ჩართულია. ჩვენს თანამოქალაქეებს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ, მათ შორის დაღუპულებს. გადმოსვენებაში თავიდან ბოლომდე ჩართულია საელჩო“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

სამხედრო ექსპერტი ფრონტის ხაზზე მებრძოლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ნამდვილ მებრძოლს, რომელიც არის ომში, პოლიტიკისთვის არ სცალიათ.

„ჩვენ თუ ჩავუღრმავდებით სიტყვის არსს, მებრძოლი რასაც ნიშნავს და თუ მებრძოლებზე ვსაუბრობთ, მათ ორად არ გავყოფდი. მებრძოლები არიან ბრძოლის ველზე და პოლიტიკისთვის მათ არ სცალიათ.

ვინც იცის ომი, გაიგებენ რომ ეს ასეა. შეიძლება რაღაც წუთები ჰქონდეთ, რომ ოჯახი მოიკითხონ. ახლა ეს წუთებიც არ არის, იმდენად მძიმე ვითარებაა ახლა უკრაინაში, აღმოსავლეთ ფრონტზე, განსაკუთრებით ბახმუტის მიმართულებით. მებრძოლების საქმე პოლიტიკა არც არის.ნაკლებადაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვინ როდის  და რა მოტივით ჩავიდა, ფაქტია, რომ ვინც ბრძოლის ველზე იმყოფება, იბრძვის.

დანარჩენები ფორმას ატარებენ თუ არა, ყოფილი სამხედროები არიან თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, ეს სხვა კატეგორიაა, რომელთაც სხვა პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ. მებრძოლები ცალკე, პოლიტიკოსები ცალკე. როცა იარაღი გიკავია ხელში, სამხედროს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიკა, თუ ჩვენ ნორმალური სახელმწიფო გვსურს. ეს უმარტივესია“, - ამბობს ამირან სალუქვაძე.

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ვანო ნადირაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მას უკრაინის ბედი კი არა, მხოლოდ სააკაშვილის ბედი აღელვებს.

„სანამ ამ ვიგინდარა ვანო ნადირაძის „გმირობაზე" დაიწყებთ საუბარს, გახსოვდეთ, რომ მიშას ხელისბიჭი, პარტიული დავალებების შემსრულებელი და ანტიქართველია... უკრაინის ბედი კი არა, მისი კრიმინალი ბელადის ბედი აღელვებს მხოლოდ და ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება!“-წერს ფოჩხუა.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბატალიონ „დონბასის“ მეთაურ ვანო ნადირაძეს აფთარს ადარებს, რომელიც მხოლოდ სისხლის სუნს გრძნობს. ის ერთ-ერთ სატელევიზიო სივრცეში გაკეთებულ მის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნადირაზე ქართული ჯარი და პოლიცია გალანძღა, მერე კი ეთერში ხალხს სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდა.

„ბელადმა ჯოხი დაიქნია და დიდი და პატარა დაეწყო, სიმაღლის მიხედვით... ეს სამხედრო გამოიყვანა და პირდაპირ ეთერში ალანძღინა სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და მიმართვა გააკეთებინა ქართველ ოფიცრებზე, სამხედრო გადატრიალება მოაწყვეთო... აფთრები, რომ სისხლის სუნს იგრძნობენ, ისეა საქართველოს გარშემო შეკრებილი მტერი, თუ ცხვრის ქურქიანი მგელი... ოღონდ აქ რაიმე უბედურება დატრიალდეს, ხელებს იფშვნეტენ... რა პარადოქსია, კეზერაშვილი „თავისუფალ“ სიტყვას აფინანსებს... რუსულ დეოკუპაციაზე, მიშამადიდებლები საუბრობენ... ნაყოფიას რუსული პასპორტი ისევ გულის ჯიბით დააქვს...“, - დაწერა ქადაგიძემ Facebook-ზე.

ნოდარ შეყილაძე სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ადამიანი აგრესიით და პოლიტიკური განცხადებებით გმოირჩევა.

„ეს ***** ტიპი, ვინმე ნადირაძე გამოირჩევა აგრესიით და პოლიტიკური განცხადებებით. მეთქი ვინ არის და აგერ, გასაგებია ვინც არის. უკრაინაში თუ ომობ, თუ გგონია ინდულგენციაა რომ არავინ არაფერი თქვას შენზე, ძალიან ცდები, შე მიშას ჭია“,- წერს შეყილაძე.

 

ცნობისთვის, 2017 წლის დეკემბერში, საქართველოს მოქალაქე ვანო ნადირაძე, რომელიც უკრაინიდან ორი კვირით ადრე იყო გაძევებული,  უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე დააკავეს. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, 47 წლის ვანო ნადირაძე უკრაინაში არალეგალურად შესვლას გეგმავდა და სახელმწიფო საზღვრიდან 20 მეტრში დააკავეს.

ვანო ნადირაძის დეპორტაცია უკრაინიდან 17 ნოემბერს საქართველოს 7 მოქალაქესთან ერთად განხორციელდა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო ნადირაძე და საქართველოს სხვა მოქალაქეები ქვეყნიდან მასთან კავშირის გამო გააძევეს.

ვანო ნადირაძე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანია, რომელიც უკრაინაში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა დ ბატალიონ "დონბასის" ყოფილი მებრძოლია.

უკრაინაში იბრძვის ასევე, ქართველი მამუკა მამულაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილი წევრის, ნონა მამულაშვილის ძმაა.

ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში მამულაშვილზე ასეთ კომენტარი გააკეთა: „მამულაშვილი რომ გავიდა პარლამენტიდან და თავისი პარტიიდან, ეს ის მამულაშვილი არ არის, მაგიდებზე რომ დარბოდა? როცა პარლამენტარი თავის სადეპუტატო მოვალეობას მხოლოდ მაგიდებზე სირბილში ხედავს, იმას პარლამენტში რა უნდა?- იმ ნაწილს, რომელსაც არ სურს "ნაციონალებთან" იყოს ასოცირებული და დამო­უკიდებლად თამაშობს, აქვს პერსპექტივა?“,- ამბობს საყვარელიძე.

საქართველოს ხელისუფლების მისამართით მამუკა მამულაშვილმაც არაერთხელ გააკეთა მუქარის შეცველი განცხადება. მაგალითად ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში არის ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაცია.

„სამწუხაროდ, საქართველოში არის ხელისუფლების პოლიტიკური ოკუპაცია, მაგრამ ჩვენ ომის გზით აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამაში დარწმუნებული ვარ. კონფლიქტის შეჩერების სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“- თქვა მამულაშვილმა.

„აი, ეს ტიპი, მამუკა მამულაშვილი ნონა მამულაშვილის და მაია მამულაშვილის ძმაა. ეს ადამიანი ხელს უწყობს ქართველი მოხალისეების უკრაინაში ფრონტის ხაზზე წასვლაში. რა შუაში არიან კაცო ნაცები. საერთოდ ვერ ვხედავთ ფოტოზე ვერავის მსგავსს“-წერს მარიამ წამალაიძე.

„გუშინ ფილტვები რომ ამოიგდეს ნაცებმა, როგორ თუ ჩვენ მიგვყავს ხალხი ფრონტზეო. მამუკა მამულაშვილი ვინ არის?! ნონა მამულაშვილის ძმა ხომ არა?! და მამულაშვილის ხელშეწყობით არ მიდის ხალხი ფრონტზე? ღარიბაშვილის ის არ უთქვამს ძალით მიჰყავთ ეს ხალხიო და მშვენივრად გავიგეთ რაც თქვა, ვისაც გაგება გვინდოდა. ისე გაუკვირდათ, თითქოს პირველად იგებენ ეს უტიფრები“,- წერს სოციალურ ქსელში გიორგი მაღრაძე.

 

 

 

„მთავარ არხს ჩაერთო ეს ტიპი. მეო აპოლიტიკური ვარ. რა შუაშია ჩემტან პოლიტიკაო. აბა, ეს სტატუსები პეპლებზე და სიყვარულზეა? ახსენი აბა „მებრძოლო“,- ასეთი წარწერით აქვეყნებს ფოტოებს ნოდარ შეყილაძე და იმ პიროვნებას ამხელს, რომელიც მოქალაქეებს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას და ბრალდებებს, ეხმიანება თეა წულუკიანი. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური ძალა, ფრონტის ხაზზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობა აქვს ოპოზიციას. რასაც მთავრობა არ დაუშვებს.

„ამ ოჯახებმა იციან ყველაზე კარგად, რომ სახელმწიფო და მთავრობა არის მათ გვერდით, რომ ყველაფერი გაკეთდა, რათა ამ ადამიანებს, რაც ჯარისკაცისთვის არსებობს ყველაზე მაღალი პატივი, სამხედრო პატივით მოპყრობოდა მათ სახელმწიფო. ეს გულისხმობს როგორც მათ დაფასებას და სამხედრო პატივით დაკრძალვას, ისე სხვა ნებისმიერ იმ ფინანსურ ხელშეწყობას, რომელიც ამ დროს იგულისხმება ხოლმე. განსხვავება იმაშია, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს ყოველთვის აკეთებს ჩუმად, როგორც ეს ქართველი კაცის წესია, რომ სიკვდილისას, გარდაცვალებისას ყველა არის სიჩუმეში და ღირსებაში. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიკვდილით ინსტრუმენტალიზაციას და ფრონტზე დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახების ბედით თამაშის მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ და რასაკვირველია, მაინც გავაგრძელებთ იმ ღირსეულ ქცევას, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი, როცა ვეჩეხებით სიკვდილს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.