„ჩვენ აღარ გვეშინია, ჩვენ ვიბრძოლებთ” - სიკვდილით დასჯილები თავიუსფლების სურვილისთვის და უწყვეტი პროტესტი ირანში

ირანი

22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაჰსა ამინი, ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამინი ოჯახთან ერთად თეირანში ნათესავების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა. პოლიციამ ის მანქანაში ძალით ჩასვა, მის ძმას, რომელმაც მათი შეჩერება სცადა, კი უთხრეს, რომ მაჰსას ჩაცმულობის შესახებ "ერთსაათიან გაკვეთილს" ჩაუტარებდნენ, შემდეგ კი გაათავისუფლებდნენ.

მაჰსას ძმა მას პოლიციის განყოფილების წინ ელოდებოდა, როცა შენობასთან სასწრაფოს მანქანა მოვიდა. ოჯახს უთხრეს, რომ მაჰსას გულის შეტევა დაემართა და კომაში ჩავარდა. მაჰსა 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

ამ ფაქტის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ სარში პროტესტის მონაწილე ქალებმა ჰიჯაბები მოიხსნეს და კოცონზე საჯაროდ დაწვეს. აქტივისტების თქმით, ირანის პოლიციამ აქციის მონაწილე ორი კაცი სასიკვდილოდ დაჭრა. 

ისლამური რესპუბლიკა სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მოკლულთა რიცხვი 300-ს ასცდა და, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. ირანში ამბოხის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ დასავლეთის ქვენების ლიდერები.

საპროტესტო ტალღა ცვალებადია, ის ხან იზრდება და ძლიერდება, ხანაც ცხრება. მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, ოკეანის გადაღმა და ევროპაში, საქართველოშიც, მოეწყო სოლიდარობის დემონსტრაციები, რომლებშიც ირანელ ემიგრანტებთან ერთად ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში.

“ჩვენ აღარ გვეშინია. ჩვენ ვიბრძოლებთ”, – ეწერა დიდ ბანერზე, რომელიც განთავსდა ირანის დედაქალაქ თეირანის ავტომაგისტრალის ესტაკადაზე.

მასობრივი გამოსვლების ერთგვარი შენელების მიუხედავად, ხალხის გადაწყვეტილება, არ შეეპუონ მთავრობას, არ შეწყვიტონ პროტესტი, მტკიცეა. განსაკუთრებით ძლიერია ეს იმპულსი უნივერსიტეტებში. ბევრგან სტუდენტმა გოგონებმა და ვაჟებმა მოშალეს მათი გამყოფი ზღუდეები.

თეირანის შარიფის უნივერსიტეტში, რომელიც ირანის ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი უმაღლესი სკოლაა, დაშინების და დაპატიმრებების მიუხედავად, სტუდენტები არ ცხრებიან.

ქუჩის პროტესტის შედარებით დამშვიდების ფონზე ირანელი ხელოვანები აქტიურობენ საპროტესტო მოძრაობაში. კედლის გრაფიტი იქნება თუ სიმღერა, პერფორმანსი თუ მხატვრობა.

 

თმის შეჭრა პროტესტის ნიშნად

 

ირანში საპროტესტო გამოსვლების პერიოდში ინტერნეტით გავრცელდა ერთი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც დემონსტრაციაზე დაღუპული დედის საფლავთან თმას იჭრის. მალე ამ რიტუალმა მასობრივი ხასიათი მიიღო. ირანელი ქალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად 50-მა ფრანგმა არტისტმა ქალმა თმა კამერის წინ შეიჭრა. ვიდეოზე ხედავთ ჟულიეტ ბინოშს, რომელიც თმას იჭრის და ამბობს, სიტყვას - „თავისუფლებისთვის“.

მას მოჰყვებიან იზაბელ აჯანი, ჯეინ ბირკინი, იზაბელ იუპერი, მარიან კოტიარი, შარლოტ გენსბური და სხვები. მათ გერმანელმა ცნობილმა არტისტმა ქალებმაც მიბაძეს. ევროპელი ქალები თვლიან, რომ ირანელი ქალების ღირსეული ქმედება და სიმამაცე მათ თანაგრძნობას ავალდებულებს. თმის შეჭრით ისინი აჩვენებენ, რომ მათ გვერდით დგანან, რომ ისინი მარტო არ არიან.

გლოვის ნიშნად თმის შეჭრა კი უძველესი ტრადიციაა. ფირდოუსი თავის „შაჰნამეში“ ჰყვება, როგორ იჭრის თმას ფარანგისი სიავაშის სიკვდილის გამო გლოვის და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

 

გმირი ქალები

 

ჟურნალ Time-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა.

„ეს ახალგაზრდა ქალები ახლა ქუჩაში არიან. მოძრაობა, რომელსაც ისინი უძღვებიან, არის განათლებული, ლიბერალური, სეკულარული, აღზრდილი უფრო მაღალი მოლოდინებით.

მათ სასოწარკვეთილად სჭირდებათ ნორმალური ცხოვრება: კოლეჯში სიარული და უცხოეთში მოგზაურობა, ღირსეული სამუშაო, კანონის უზენაესობა, წვდომა Apple Store-ზე, მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკაში, სიტყვის თავისუფლება და უფლება, ჩაიცვან ის, რაც უნდათ“, - წერს გამოცემა.

 

უარი სახელმწიფო ჰიმნს


ბევრჯერ გინახავთ, სპორტსმენები თამაშის თუ შეჯიბრების დაწყებისას, ან გამარჯვების დროს, სახელმწიფო ჰიმნს აჰყვებიან და ხან გულით და ზოგჯერ, უგულოდაც, მღერიან. პატრიოტ ირანელებს უყვართ ჰიმნის სიმღერა, მაგრამ ბოლო დროს ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის არმღერა იქცა პროტესტის ნიშნად. ჰიმნის არმღერა და გამარჯვების არგამოხატვა, არსიხარული.

პლაჟის ფეხბურთი თუ უბრალოდ ფეხბურთი ირანში უყვართ - უყვართ გამარჯვების აღნიშვნაც. რაც ირანის პლაჟის ფეხბურთელმა ამას წინათ ჩაიდინა, ასევე პროტესტის ნიმუში იყო: ირანის გუნდმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო გასულ კვირაში, როცა დუბაიში დაამარცხა ბრაზილიის ნაკრები, ანგარიშით 2:1. გამარჯვების გოლის ავტორმა, საიდ ფირამუნმა თავისი დარტყმით გამოწვეული სიხარულის ნაცვლად ხელები თავს ზემოთ დაიჭირა და თმის მოჭრის იმიტაცია გააკეთა, ანუ გლოვის იმ ჟესტს მიბაძა, ასე პოპულარული რომ გახდა ირანის საპროტესტო გამოსვლების კონტექსტში. ნახევარფინალის წინ გუნდის ყველა წევრმა არ იმღერა ისლამური რევოლუციის ჰიმნი.

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, საპროტესტო გამოსვლები, ამა თუ იმ ფორმით, არ წყდება. მის მონაწილეებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დამხობა სურთ. ვინც გაბედავს და იტყვის, ამგვარად ამ რეჟიმს ვერ დაამხობთო, დაუნდობელი კრიტიკის სამიზნე ხდება.

 

ისლამურ რესპუბლიკაში უქმდება „მორალის პოლიცია“

 

ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში უქმდება „მორალის პოლიცია“, რომელიც სამოსის ისლამური წესით ტარებასაც უწევდა ზედამხედველობას.

ე.წ. მორალის პოლიციის „დახურვის” შესახებ ირანის გენერალური პროკურორის განცხადება საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშუქდა, თუმცა კვლავაც ბუნდოვანია, რა ბედი ელის ხსენებულ სტრუქტურას.

 

ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია “ალ-ალამ” აცხადებს, რომ “ზოგიერთი უცხოური მედია” შეეცადა, მონთაზერის განცხადება წარმოეჩინა, როგორც “ირანის ისლამური რესპუბლიკის უკან დახევა ჰიჯაბისა და უბიწოების საკითხებში”.

ტელეარხის 4 დეკემბრის მასალის თანახმად, “მაქსიმალური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიდეს” მონთაზერის სიტყვებიდან, არის ის, რომ მორალის პოლიცია არ ყოფილა “დინამიკურად დაკავშირებული” სასამართლო აპარატთან.

 

სიკვდილით დასჯა თავისუფლების სურვილისთვის

 

ირანმა პირველად დასაჯა სიკვდილით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილე. მოჰსენ შეკარი დღეს, 8 დეკემბერს ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც ირანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ღმერთის წინააღმდეგ მტრობაში".

„რაჰ-აჰანის“ ექს-მოთამაშე და კიდევ რვა ადამიანი დამნაშავედ სცნეს ანტისამთავრობო პროტესტებისას ირანის სამართალდამცავი ორგანოების სამი წარმომადგენლის მკვლელობაში.

წყაროს ცნობით, 26 წლის ნასრ-აზადანი მართლაც მონაწილეობდა პროტესტებში და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდა, თუმცა არ იმყოფებოდა იმ რაიონში, სადაც ძალოვანები მოკლეს.

 

ირანელთა სოლიდარობის აქციები თბილისში

 

“ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ და მაინც დავიბრუნებთ ირანს!” - თითქმის ორი თვეა, ეს და სხვა სლოგანები რუსთაველის გამზირზე ყოველი შაბათის საღამოს ისმის. სწორედ ამ დღეს იკრიბება საქართველოში მყოფი არაერთი ირანელი თანამოაზრეებთან ერთად თბილისის ცენტრში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს თავის სამშობლოში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებს.

პერიოდულად, ძველ შეძახილებს ახლები ემატება. ჩნდება ახალი პორტრეტებიც სოლიდარობის აქციების მონაწილეთა ხელში — სურათები იმ ირანელებისა, რომელთაც საპროტესტო აქციებზე კლავენ.

 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ჩვენ ამას პროტესტს აღარ ვეძახით. ჩვენ ამას რევოლუციას ვუწოდებთ და ის  ისევ მიმდინარეობს ირანში”, — ამბობს მარიამ შარიფი, საქართველოში მცხოვრები ირანელი აქტივისტი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს თბილისის სოლიდარობის აქციების ორგანიზებაში.

დემონსტრაციებში ქალების როლზე მიანიშნებს არაერთი სლოგანი, რომლებსაც თბილისის სოლიდარობის აქციების მონაწილეებიც ახმიანებენ.

ერთ-ერთი ასეთია შეძახილი, რომლითაც დემონსტრანტები მათდამი შეურაცხყოფას პასუხობენ. ის შემდეგანირად ჟღერს: „ეს შენ ხარ ბინძური და გარყვნილი. მე თავისუფალი ქალი ვარ”.

 

სოციალური პროტესტიდან პოლიტიკურ ლოზუნგებამდე

 

ირანში დაწყებული სოციალური პროტესტი პოლიტიკურში გადაიზარდა. ლოზუნგებს შორის გაისმა რეჟიმის შეცვლის მოწოდებები, რაც 1979 წლის შემდეგ პირველად ხდება. საპროტესტო განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ვერ შეძლო.

საპროტესტო აქციებს ნავთობის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებიც შეუერთდნენ. სწორედ ეს სექტორია ირანის ეკონომიკის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი. მედიის ცნობით, ჯერ ბუშერის, დამავანდისა და ესელუიას მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები გაიფიცნენ. აქციაში მონაწილეობა მიიღო ათასზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც გზები გადაკეტეს. ამის შემდეგ საპროტესტო აქციებს აბადანში მდებარე, ქვეყნის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. „მასობრივი საპროტესტო აქციების დრო მოვიდა. მოემზადეთ საყოველთაო გაფიცვისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ საპროტესტო აქციებს ხალხთან ერთად ყოველდღიურად გავაგრძელებთ“, - ნათქვამია ადგილობრივ მუშათა კომიტეტის განცხადებაში.

საპროტესტო აქციები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა. როგორც პოლიტოლოგი აზიზი განმარტავს, ხელისუფლებას აქვს მრავალი რეპრესიული რესურსი, რომლებიც ამ საპროტესტო აქციებში ჯერ სრულად არ გამოუყენებია, თუმცა ხალხს აღარ ეშინია და ეს ირანში არსებული სოციალურ-პოლიტიკურ ვითარების ფუნდამენტურ ცვლილებას ნიშნავს. 

 

ირანელი ქალები - ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ

 

1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ კარდინალურად შეცვალა ირანელი ხალხის, განსაკუთრებით კი ქალების ცხოვრება. რევოლუციის შემდგომ ქვეყნის სათავეში მოსულმა ფუნდამენტალისტებმა ტოტალურად შეზღუდეს ქალთა უფლებები, მათ შორის ჩაცმულობის თავისუფლება.

1979 წელს, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული აიათოლა ხომეინის მმართველობისას მიიღეს კანონი ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ.

რევოლუციამდე ირანელი ქალები დასავლურად იცვამდნენ, ატარებდნენ ვიწრო ჯინსებს, მოკლე კაბებსა და მაისურებს. ირანული ოჯახები ხშირად ატარებდნენ დროს ღია საზოგადოებრივ პარკებში, აწყობდნენ პიკნიკს. მართალია, რევოლუციის შემდეგ, ეს ოჯახური შეკრებები არ შეწყვეტილა, მაგრამ ახლა უკვე ქალები და კაცები მეტ მოკრძალებასა და სიფრთხილეს იჩენენ საზოგადოებრივ ადგილებში ურთიერთობისას.

 

1979 წელი, თეირანი, ქალები აპროტესტებენ ჰიჯაბის კანონის შემოღებას

ირანის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყნის სულიერმა და პოლიტიკურმა ლიდერმა აიათოლა ხომეინიმ ქვეყანაში ქალებისთვის ჰიჯაბის ტარების აუცილებლობა დააკანონა. 8 მარტს ქალებმა ამ გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციებით უპასუხეს, თუმცა მას შედეგი არ მოჰყოლია.

თეირანში, სტუდენტებმა ათეულობით ამერიკელი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი ტყვედ ჩაიგდეს. ირანელების მხრიდან აშშ-ისა და ბრიტანეთის მიმართ სიძულვილი მეტწილად განპირობებული იყო ამ ორი ქვეყნის ირანული ნავთობის მიმართ დაინტერესებით. ამ ღრმა უნდობლობას კიდევ უფრო მეტ პროვოცირებას უწევდა ირანის თეოკრატიული ხელისუფლება.

ქალებსა და კაცებს ეკრძალებათ ერთად ცურვა, ქალებს კი საცურაო კოსტუმებში გამოწყობა.

2005 წელი, კასპიის ზღვის სანაპირო

ავტორი: ნანა ჩხაიძე