„ისინი თამამად გარბიან იქ, საიდანაც ჩვენ შეშინებულები გამოვრბივართ“ - სიცოცხლის ფასად გადარჩენილები და კადრები, რომელიც ისტორიას დარჩება

გმირები

სამართალდამცველები არიან ის ადამიანები, რომელთა მთავარი საზრუნავი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას 24 საათის განმავლობაში. აქვთ მკაცრად გაწერილი წესები, სამოქმედო გეგმა და ვალდებულება.

ისინი ხომ სწორედ პირველები გარბიან იქ, საიდანაც ჩვენ გამოვრბივართ. ისინი უპირისპირდებიან იმ რეალობას, რისიც ჩვენ გვეშინია...

ხშირად მიფიქრია, რას გრძნობს ის ადამიანი, როცა გაახსენდება ის კადრი, როცა სიკვდილისთვის განწირულს პატრული მოევლინა მხსნელ ანგელოზად. იხსნა და თავად გაფრინდა მარადისობაში... და მერე, სიკვდილს, უბედურ შემთხვევას, ტრაგედიას გადარჩენილები როგორ მოუყვებიან წლების შემდეგ თავიანთ ისტორიას შვილებს, ის დავაჟკაცებული ბიჭები, რომლებიც ბავშვობაში პოლიციელმა გადაარჩინა. როგორ გამოიყვანა ახალგაზრდა პატრულმა ცეცხლომოკიდებული სახლიდან, როგორ იპოვეს გზააბნეული, როგორ დაეხმარა და ასეთი საამაყო მოსაგონებელი დაუტოვა... 

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მედლით - ,,მამაცობისთვის“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი ესტატეშვილი დააჯილდოვა. 

პატრულ-ინსპექტორმა მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, მუხიანში, მაღალსართულიანი კორპუსის ცეცხლმოკიდებულ ბინაში შეღწევა მყისიერად შეძლო, გიორგი ესტატეშვილმა იქ მყოფი ასაკოვანი მამაკაცი ბინიდან გამოიყვანა და მისი გადარჩენა მოახერხა.

 

კიდევ ერთი დაჯილდოებული გმირი, პოლიციის მაიორი - ხვიჩა კრაველიძეა.

გასული წლის დეკემბერში, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენი წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაიკეტა. სახლში მისი 8 თვის შვილი მარტო აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის დამატებით საფრთხეს ქმნიდა.

ქალმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე მყისიერად მისულმა პატრულ-ინსპექტორმა ხვიჩა კრაველიძემ ჩაკეტილი ბინის მეზობლად მდებარე აივანზე ასვლა მოახერხა, ჩაკეტილი ბინის ფანჯრიდან ბინაში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი უვნებლად გამოიყვანა...

მაშველი, რომელმაც აღდგომის დღეს მდინარე ტეხურაში ჩავარდნილი მოზარდი გადაარჩინა ვახტანგ გომელაურმა მედლით - ,,მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

გიორგი გოგიჩაიშვილმა სამეგრელოში, მოზარდი დახრჩობას გადაარჩინა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მედლით - ,,მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

გიორგი გოგიჩაიშვილი, 16 აპრილს, აღდგომას, მისთვის არასამუშაო დღეს, შეესწრო ფაქტს, თუ როგორ ითხოვდა, სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურაში საბანაოდ შესული მოზარდი შველას და ნაპირზე გამოყვანას.

გიორგი გოგიჩაიშვილმა, დაუყოვნებლივ შეცურა მდინარეში, მიუხედავად ძლიერი დინებისა, მოზარდი სანაპიროზე დროულად გამოიყვანა და ის დახრჩობას გადაარჩია. მოქალაქეებმა, რომლებიც აღნიშნულს შეესწრნენ, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფაქტის ამსახველი ემოციური კადრები.

 

ემოციური მომენტი იყო დღეს სპეცრაზმელის დაჯილდოება, რომელმაც პარლამენტთან გამართული აქციაზე, აქტივისტის მიერ მიწაზე დაგდებული საქართველოს დროშა აიღო და ეამბორა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, პოლიციის ლეიტენანტი - იოსებ როსტიაშვილი სამინისტროს მედალიონით - ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.

 

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ბადრი ქოქოლაძე და უმცროსი ინსპექტორი, სასაზღვრო პოლიციის მასტერ მიჩმანი - ბიძინა ტაკიძე, რომლებმაც აჭარაში, 2 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის" დაჯილდოვდნენ.

ბადრი ქოქოლაძემ და ბიძინა ტაკიძემ, ბათუმში, პატრულირებისას ზღვაში 2 ქალბატონი შენიშნეს, რომლებიც წყლის ტრანსპორტის გადაბრუნების შედეგად წყალში ჩაცვივდნენ და იხრჩობოდნენ.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მათ დასახმარებლად დროულად მიიღეს შესაბამისი ზომები, წყალში მყოფ მოქალაქეები ზღვიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს და ნაპირზე გაიყვანეს.

სამწუხაროდ, ბევრი გვყავს გმირი პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა... 

მიმდინარე წლის 24 იანვარს, საგარეჯოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს 2023 წლის 20 იანვრის ღამით მოკლული პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ სხვისი გადაარჩინა.

გმირი შვილი უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გააცილა დედამ. ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო თქვა და მრავალჟამიერი უმღერა დაკრძალვის დროს შვილს.

პოლიციის სამხრეების, კანონით დაკისრებული მოვალეობის მიღმა, მათ ვხედავთ რიგითი მოქალაქეების ამპლუაში. და რაც მთავარია, მათ აქვთ პირადი ცხოვრება, ოჯახი, შვილები…

პატარები ამაყობენ რომ მათი მამიკო პოლიციელია, მათი ოჯახის წევრები აცნობიერებენ მათ პასუხისმგებლობას და ხან შიშნარევი, მაგრამ ყოველთვის იმედიანები აგრძელებენ მათი მორიგეობის დროს თეთრი ღამეებით ცხოვრებას.