დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომლის ექტრადირებასაც აშშ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს.
მედიასაშუალებას წყარომ მიაწოდა ვიდეო, რომელიც 10 ნოემბერს არის გადაღებული და, რომლის მიხედვითაც, არახამია სასტუმრო Ritz-Carlton-ში ბიზნესმენ ვემირ დავითიანს ხვდება. ბიზნესწრეების წყაროებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ არახამია აღნიშნულ სასტუმროში ორი დღე იმყოფებოდა და იქ დმიტრო ფირტაშსაც შეხვდა.
„უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში ვენაში ვიზიტსა და ფირტაშთან შეხვედრას ადასტურებს თავად არახამიაც.
„ვადასტურებ 9-11 ნოემბერს ჩემს ვიზიტს ვენაში, სადაც ჩავფრინდი ისრაელში სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნების დროს“, – განაცხადა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ფირტაშსა და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაევის ოლქში პორტების შენარჩუნებისთვის, სადაც კომპანია DF Group-ი პორტ „ნიკა-ტერას“ ფლობს.
ასევე, მისი თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ტიტანის დარგთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების დარეგულირება.
დმიტრო ფირტაში ავსტრიაში 2014 წლის მარტში ამერიკული მხარის მოთხოვნით დააკავეს, თუმცა მალევე 125 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მის მიერ აშშ-ში ექსტრადირების მოთხოვნის გასაჩივრების პროცესი გრძელდება. აშშ ფირტაშს ადანაშაულებს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოსაპოვებლად ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და აქტივების კონფისკაცია ემუქრება.
ამასთან, 2021 წლის ივნისში უკრაინამ დმიტრო ფირტაშს სანქციები დაუწესა. როგორც მაშინ უკრაინის ერონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, სანქციები უკავშირდებოდა ფირტაშის მონაწილეობას ტიტანის ბიზნესში, ასევე ნედლეულის მიწოდებას, რომელიც შემდგომ რუსეთის სამხედრო საწარმოებში ხვდებოდა.