პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. შედეგები პარტიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გასამარჯვებლად საჭირო იყო კანდიდატს მიეღო ხმების ნახევარზე მეტი.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 1537 ხმა (3,73%);
ნიკა მეილია - 16 476 ხმა (40%);
გიორგი მუმლაძე - 1516 ხმა (3,68%);
ლევან ხაბეიშვილი - 21 656 ხმა (52,58%).
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი", - თქვა შედეგების გამოცხადების შემდეგ კობა ნაყოფიამ.
პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემა 28 იანვარს დილის 10 საათის შემდეგ დაიწყო და დღეს, 30 იანვარს, 10 საათზე დასრულდა. არჩევნებში დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი. მათგან ხმა მისცა 41 264-მა.
ნაციონალების შიდა არჩევნების შედეგებს უკვე მოჰყვა გამოხმაურებები:
„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა და ახლა ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას დეკორაციებად მიმაგრების დრო დადგა ვაშაძის ლიდერობის ქვეშ. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“,- დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ჟინი აქვთ, რაც წარუმატებელი იქნება ქვეყანაში. მათ ექნებათ ამის მცდელობა, მაგრამ შედეგი მათთვის სასურველი ვერ დადგება. მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც უფრო მეტად დესტრუქციული, ყველაფრის მკადრებელია და ვისი პატრონებიც და თავად შემსრულებლებიც სწორედ ამით არიან გამორჩეულები, ეს არის მათი მახასიათებელი: დესტრუქცია, ძალადობა, არავითარი სინანულო წარსულზე, ალბათ, პირიქით, თვლიან, რომ მაგ დააკლდათ ძალადობა, რაც მანამდე ჩაიდინეს”, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიაში ზეიმს არ აპირებენ და არც არავინ აპირებს მის დატოვებას, რადგან მათი მთავარი ამოცანა ახლა საერთო სტრატეგიის შემუშავებაა.
„ჩვენი გუნდი ამას უყურებს როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა საარჩევნო კანდიდატის. ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან. არავინ აპირებს პარტიის დატოვებას. ჩვენ ვართ ერთიანი, ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ გაძლიერებულები და გაერთიანებულები, ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება პარტიის გაერთიანება, საერთო სტრატეგიის შემუშავება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მოლოდინი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, რომ მათი თავმჯდომარე სათანადო წესით არ არის არჩეული.
„არჩევნები რომ გაყალბდა, ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქგვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს. თუ შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა ხმა მისცენ, ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს. შესაბამისად, როცა იცი, რომ არჩევნები ასეა ჩატარებული, უნდა იფიქრო, რომ, შემთხვევით, თავმჯდომარე სხვა პარტიამ ხომ არ აირჩია“,- თქვა იაგო ხვიჩიამ.
საარჩევნო პერიოდში მელია ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში მერაბიშვილი და კეზერაშვილი აქტიურად მონაწილეობდენ. როგორც მელიამ თქვა, ორივე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი მას ერთობლივად უპირისპირდება. მან ვანო მერაბიშვილს ლევან ხაბეიშვილის შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი უწოდა.
მელიამ დავით კეზერაშვილს რამდენიმე ღია განცხადებით დაუპირისპირდა და "მოოლიგარქო ტიპიც" უწოდა. მან ასევე თქვა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ნიკა მელიას სწორედ კეზერაშვილის მომხრეები დაუპირისპირდნენ, როგორც პარტიის შიგნით, ასევე - მის გარეთაც. ეს პროცესი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ქართულ პოლიტიკასა და პარტიის მიმართ ინტერესებზეც.
2 წლის წინ, ონლაინკენჭისყრის გზით, ფართო მხარდაჭერით არჩეულ ნიკა მელიას, რომელმაც ამ პერიოდში პატიმრობაც მოასწრო და დიდწილად, ქუჩაში, მიტინგებზე უწევდა დგომა, კრიტიკოსები თანდათან მოუმრავლდნენ და დაპირისპირება ბოლო თვეებში აშკარა გახდა, განსაკუთრებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ფონზე.
მას აკრიტიკებდნენ, მაგალითად, მასშტაბური მიტინგების დაშლისა და ხალხის სახლში გაშვების გამო, არასაკმარისი ძალისხმევისა თუ იმის გამოც, რომ სააკაშვილის "ტყვეობიდან დახსნა" მას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოედგინა.
თაკო ჩარკვიანი პირველი იყო მათ შორის, ვინც მელიას „უუნარობაში“ ადანაშაულებდა. „ძალიან ბევრჯერ ვთქვი, არ მომწონს ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული...“
ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიამ 29-პროცენტიანი პარტია რვა პროცენტამდე დაიყვანა.
„ერთი წლის განმავლობაში მუდმივად მქონდა მასთან პრეტენზიები, სულ ვამბობ, რომ ეს ადამიანი ან ვერ არის ლიდერი, ან შეგნებულად მოიყვანა სტაგნაციაში პროცესი, რაც კატასტროფა იყო. ეს ხომ არ იყო არჩევნები. მისი პარტიის ლიდერზე ჯერ თქვა, ჩემი მეგობარი არ არისო. ფინანსი, სახელი, ყველაფერი იმ კაცის, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულია. ციხეში მყოფ კაცზე თუ მოიგონებ, რომ მეგობარიაო, თორემ ის თქვა, რომ არ არის მეგობარიო, ასეთი არაფერი გამიგია. არ მომწონს მე ამ ბიჭის პროწიალი და პიპინ-პიპინით სიარული-მეთქი, ვთქვი ძალიან ბევრჯერ, რუსთაველზეც და მოჰყვა ამას ქილიკი. დიახ, ნამდვილი ბრძოლა გახლავთ პარლამენტშიც და რუსთაველზეც, არაფერი საქილიკო არ არის, რადგან რაოდენობაზე უფრო დიდი იარაღი ოლიგარქთან ბრძოლის დროს, არაფერია. ზუსტად ეს რაოდენობა გაუშვა რამდენიმეჯერ სახლში მელიამ. მან მოიტანა უძრაობა, მან დაიყვანა 29%-იანი პარტია 8%-მდე. ერთი დეტალი მითხარით, რატომ უნდა დარჩეს ეს ადამიანი პარტიაში. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ, როგორც დასავლური ვექტორის მქონე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას“, – ამბობდა თაკო ჩარკვიანი.
ნიკა მელიას მისამართით ნაციონალური მოძრაობის მომხრეებისგან ტალახის სროლა ახლაც არ წყდება. თუმცა ზუგდიდი მელიას ერთგული დარჩა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიას ახლა ხაბეიშვილის იმედი აქვს, რომელიც ქუჩის აქციებისთვის მზადაა და ყვირილიც იცის.
„არსებობს ერთადერთი გამოსავალი და ეს არის საქართველოში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე არაფერი გამოვა,“-თქვა ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთადერთი პარტიაა ოპოზიციაში, ვისაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსიც აქვს და თავიც.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელიამ, 2020 წლის დეკემბერში, პარტიიდან სრულიად მოულოდნელად და ყველასთან შეუთანხმებლად წასული გრიგოლ ვაშაძე შეცვალა. მელიამ ღია ონლაინარჩევნებში გაიმარჯვა და ლევან ვარშალომიძეს მოუგო. მაშინ გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა პროცესში ყალბი ანგარიშების - ტროლებისა და ბოტების ჩარევასთან დაკავშირებით, თუმცა ამ მცდელობებს პროცესი არ შეუფერხებია.